გახარია ბიზნესმენებს: მე ვიწერ, ხვალ გიბრუნდებით და გეუბნებით, რისი გაკეთებაა შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა ბიზნესმენებს. პრესრელიზის თანახმად, პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, მთავრობისთვის პრიორიტეტია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება. გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ვირუსის გავრცელებით შეიძლება, მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას.

მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებთან შეხვედრამდე ეკონომიკურ გუნდს დაავალა დღის ბოლომდე წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ, ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან.

„რაც შეეხება მასტიმულირებელ ინსტრუმენტებს ეკონომიკისთვის, ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან და აქედან მინდა წავიღო წინადადებები. ჩვენ ღია ვართ და პირდაპირ მეუბნებით ყველაფერს. მე ვიწერ, ხვალ გიბრუნდებით და გეუბნებით, რისი გაკეთება შესაძლებელია და რისი - არა. დარგების მიხედვით: ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა, მომსახურების სფერო, ვაჭრობა - უბრალოდ მეუბნებით ყველაზე ეფექტური რა შეიძლება იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოგცემთ გარანტიებს, რომ ყველა თქვენს მიერ დაყენებული საკითხი ხვალვე გადაწყდება 100%-ით, მაგრამ ძირითადი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ“, - თქვა გიორგი გახარიამ.

ბიზნესმენებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი.

ეკონომიკური ინიციატივების გარდა, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკისა და ზიანის შემცირების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად ახორციელებს სამოქმედო გეგმას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 25 შემთხვევა ფიქსირდება.