საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომლებიც ქვეყანაში გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდიან საზღვრის კვეთის დროს გამკაცრებულ რეჟიმს დაექვემდებარებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით ადგილზე ეპიდემილოგი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქე უნდა წავიდეს 14 -დღიან სავალდებულო კარანტინში (სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეში) თუ თვითიზოლაციაში.
გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის აქვს თვითიზოლაციისთვის აუცილებელი პირობები მოქალაქეს თუ არა.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მათ COVID 19 -ზე ტესტის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. სხვა შემთხვევაში ისინი 14 -დღიან კარანტინში მოხვდებიან, საუბარია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეზე ან მათ დააბრუნებენ უკან.
სახელმიფოს მიერ უზრუნველყოფილი საკარანტინე სივრცეები მოწყობილია თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში.
გამკაცრებული რეჟიმის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
წესები, რომელიც რეგულაციების გამკაცრების შემდეგ მოქმედებს:
- ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
- საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.