საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ბოლორდოინდელი გაუფასურების მიზეზებს განმარტავს.
„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 12 მარტს გავრცელებული განცხადებით, ლარის გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა:
„ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე“.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსგავსი სურათია რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებია ადგილობრივი ვალუტა უფასურდება. ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ავიამიმოსვლის შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში და შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს.
ეროვნული ბანკი დადებით ფაქტორად ასახელებს იმასაც, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისი ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა: „მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის“.
ეროვნული ბანკის განცხადებითვე, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ბაზრის დინამიკას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
12 მარტის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.8791 ლარი ღირს. ბოლო სამ დღეში ლარი დოლართან მიმართებით 8 თეთრზე მეტით გაუფასურდა.