„პანდემიის გამოცხადება სიახლე არ იყო, ამას ველოდებოდით. დაახლოებით ორი კვირის წინ მათ პანდემიური მზადყოფნა გამოაცხადეს“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელება პანდემიად გამოაცხადა.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ჯანმო-ს ქვეყნებისთვის პანდემიისთვის მზადების დაწყების შესახებ რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული.
ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემიის გამოცხადება ნიშნავს უფრო მეტ სიფხიზლესა და მზადყოფნას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ხვალ გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს პანდემიასთან დაკავშირებით. ანუ, რა ტიპის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს. დარწმუნებული ვარ, იქ არ იქნება ისეთი განსაკუთრებული, რაც ქვეყნებში არ ხორციელდება, მაგრამ ალბათ მაინც იქნება გარკვეული სიახლეები. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი პანდემიური მზადყოფნის გეგმები, მოსახლეობის დაზიანების მაჩვენებლის მიხედვით. ქვეყანა აწარმოებს სამუშაოებს ამ გეგმით“, - განმარტავს გამყრელიძე. მისი თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ბოლო სამი კვირის განმავლობაში სერიოზული განგაშია, სხვადასხვა უწყება ბევრ ღონისძიებას ატარებს.
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას შეიძლება პანდემია ეწოდოს. ასეთი განცხადებით გამოვიდა 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიუსი.
11 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24-ს შეადგენს.