ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ორი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

შვიდ პაციენტს, რომლებიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორისაა 2 წლის ბავშვი. ის მშობლებთან ერთად, იტალიაში იმყოფებოდა.

პაციენტები ამ დრომდე ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან.

იტალიიდან სპეციალური რეისით ჩამოყვანილი 97 მგზავრი კი საკარანტინო პერიოდს წყალტუბოში გაივლის. მოქალაქეები წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში არიან მოთავსებული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

„97 ადამიანი გადმოიყვანეს წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც მოხდა მათი განთავსება იზოლირებულ ადგილას, ყოფილი სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე. ადამიანები არიან აბსოლუტურად ჯანმრთელები. არ აქვთ არანაირი სიმპტომები. თუკი დაფიქსირდება რაიმე სიმპტომი, რომელიც დამახასიათებელი იქნება კორონავირუსისთვის, მოხდება შესაბამისი მექანიზმების ჩართვა უკვე და შესაბამის სტაციონარში მკურნალობა“, - ამბობს გოჩა გიორგიძე.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით 3 პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განმარტებით, ერთი პაციენტი კლინიკაში 3 დღის წინ, ხოლო 2 გუშინ შეიყვანეს.

„პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდა. მივიღეთ დადებითი პასუხი. ისინი აგრძელებენ მკურნალობას ჩვენი ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რაიმე გართულებები არ აქვთ“, - განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

ქამუშაძის განმარტებით, კორონავირუსის მქონე პაციენტებს უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ჰქონდათ კონტაქტი.

პაციენტები კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

11 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დასნებოვნდა 23 ადამიანი.