რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, მოიწონა კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 160-მა დეპუტატმა, ერთი წინააღმდეგი იყო, სამმა თავი შეიკავა. დღესვე კანონი სამი წაკითხვით მიიღო პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, უფლებას აძლევს, კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 383-მა დეპუტატმა, 43-მა თავი შეიკავა.
კანონპროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 23 იანვარს მიიღო პირველი მოსმენით. თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა მასში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა, მათ შორის ხაზგასმულია „ღვთის რწმენა“, რუსული ენა აღიარებულია, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენა და დაუშვებლად ცხადდება „ისტორიის ფალსიფიკაცია“.
მანამდე, 10 მარტს, რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა, კოსმონავტმა ვალენტინა ტერეშკოვამ მოითხოვა დამატებითი შესწორების შეტანა, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აძლევს უფლებას, კენჭი იყაროს შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც - მისი წინანდელი საპრეზიდენტო ვადების „განულების“ გზით.
ვლადიმირ პუტინი, სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლის დროს, ამ შესწორებას დაეთანხმა, რაც კენჭისყრითაც დამტკიცდა. მესამე მოსმენა შესწორების კანონიერებას შეისწავლის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის თანხმობის შემთხვევაში, პუტინს, არჩევნებში გამარჯვების შედეგად, პრეზიდენტად დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება.