საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეთავაზებას თანხმდება და ეკლესიებში დეზინფექციის ჩასატარებლად მზადაა. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს ინფორმაციას.
"[ხსნარების იმპორტიორმა] კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით", - აღნიშნავს ჯაღმაიძე და დასძენს, რომ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებას ელიან.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ლაბორატორიულად დადასტურებისთანავე საჯარო თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. გარდა ამისა, სწავლა შეწყდა სკოლამდელ, საშუალო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან. რეკომენდაციის არსებობის მიუხედავად, საპატრიარქო წესს არ ცვლის და მოქალაქეებს კვლავ ერთი კოვზით აზიარებს.