დეზინფექცია რუსთავში - სპეციალური ხსნარების ფასი გაოთხმაგებულია

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რუსთავის სკოლებში, სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებში, ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებში, ავტოტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დეზინფექციას ატარებენ რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს სამსახური, მერიის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსთავის სადეზინფექციო სამსახური“, კერძო ორგანიზაციები და ზოგიერთი კომპანიის მიერ დაქირავებული ცალკეული სპეციალისტები.

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს სამსახური ძირითადად სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობს, ხოლო მერიის სადეზინფექციო სამსახური - სკოლებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტში. სამსახურის უფროსი ნუგზარ ჩაჩავა ამბობს, რომ ხელშეკრულება 22 საჯარო და კერძო სკოლასთან აქვთ გაფორმებული და, კორონავირუსით გამოწვეული ფორსმაჟორული ვითარების გამო, მომსახურებას მინიმალურ ფასად უზრუნველყოფენ:

„ერთი კვადრატული მეტრი ფართობი 3,2 თეთრად დავამუშავეთ, მაგალითად, მე-10 სკოლაში, რომელსაც დიდი ფართობი აქვს. ასევე, ნომერ პირველი სკოლა, ისიც დოტაციაზეა. სტანდარტული ფასი ერთ კვადრატულზე 5 თეთრია. ახლა რა განფასებითაც ვმუშაობთ, მინიმალურია, მხოლოდ ხარჯს ანაზღაურებს, რადგან ძალიან გაძვირდა [სადეზინფექციო] მასალა“.

ნუგზარ ჩაჩავას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, ბაზარზე სპეციალური ხსნარების ფასი თითქმის გაოთხმაგდა:

„შარშან თუ ხუთლიტრიან კონცენტრატს 45 ხუთ ლარად ვყიდულობდით, დღეს ბაზარზე 200 ლარი ღირს“.

რუსთავში, სადაც 26 საჯარო და 12 კერძო სკოლაა, დეზინფექცია არდადეგების ვადის ამოწურვამდე, 16 მარტამდე უნდა დასრულდეს. ქალაქის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელ თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, თუ რომელიმე სკოლას საშუალება არ აქვს, რომ კომპანია ან ცალკეული სპეციალისტი დაიქირაოს, დეზინფექციის ჩატარება თავისი რესურსით შეუძლია.

„თუ რომელიმე სკოლას მიაჩნია, რომ არ აქვს ფინანსური საშუალება და ვერ აფორმებს რომელიმე ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, შეუძლია თავად განახორციელონ ეს სამუშაოები. საუბარია სკოლის პერსონალზე“.

ახალი სახეობის კორონავირუსის პრევენციის მიზნით შესაბამის სამუშაოებს ატარებს კერძო სატრანსპორტო კომპანია „ინტერტრანსიც“. მისი პრესსამსახურის უფროსი, სოფო ცერცვაძე, ამბობს, რომ კომპანიამ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი თავად შეიძინა:

„ამ ეტაპზე რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. რეკომენდებული ხსნარები შეიძინა კომპანიამ, დეზინფექციას კი ატარებს ადამიანი, რომელიც ჩვენ დავიქირავეთ“.

სოფო ცერცვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო ხსნარით მიკროავტობუსებს ერთი სპეციალისტი ამუშავებს, პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ერთი ავტომანქანის დეზინფექციას 3-4 წუთი სჭირდება. „ინტერტრანსს“ 200-მდე მიკროავტობუსი ჰყავს.

კორონავირუსის გამო რუსთავში პირბადიანი მოქალაქეების რაოდენობა არ გაზრდილა. ნაწილი ამას საჭროდ არ თვლის, ხოლო ისინი, ვისაც პირბადის შეძენა სურს, აფთიაქებში დეფიციტსა და ფასის გაზრდას უჩივიან.
პირბადეები აქვს „ფარმასახლს“, მაგრამ არ ყიდის. ეს კომპანია დამცავ საშუალებას პენსიონერებისა და მრავალშვილიანებისთვის უფასოდ გასცემს - ყოველდღიურად სამს თითო ბენეფიციარზე. კორონავირუსის გამო რუსთავში 16 მარტამდე დახურულია სკოლები და სხვადასხვა დაწესებულება, მაგალითად, ქალაქის ისტორიული მუზეუმი.