გიორგი მარგველაშვილი ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციისთვის მადლობის სათქმელად მივიდა

გიორგი მარგველაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემის ცვლილებებისთვის მიმდინარე პრინციპული ბრძოლისთვის.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ურთულეს ვითარებაში მიაღწიეს იმ შედეგს, რაც ქართული საზოგადოებისთვის ათწლეულების განმავლობაში იყო სანატრელი:

„მე მიმაჩნია, რომ ქართული დემოკრატია დღეიდან ბევრად უფრო ძლიერ საფუძველზე დგას. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც აქ გაერთიანდნენ და რომლებიც თავის მომავალს ხედავენ იმაში, რომ არ მოიპარონ, არამედ მიიღონ ის ხმები, რომლებსაც ხალხი მათ მისცემს, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის სიკეთეს, სტაბილურობას, განვითარების შესაძლებლობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მადლობა იმისთვის, რომ არ დანებდით და თქვენი ბრძოლა ბოლომდე მიიყვანეთ, „მადლობა და გულითადად ვუერთდები თქვენს თანამშრომლობას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მან მედიასთან განმარტა, რომ არ განიხილავს თავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

გუშინ, 8 მარტს „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავიდა და ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა. შეთანხმების მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი შევა, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.