დღეს, 8 მარტს, მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით, პროპორციული სისტემით აირჩევა 120 დეპუტატი, 30 კი - მაჟორიტარულით.
„8 მარტი, 2020 ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
„ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში“, - აღნიშნულია ფასილიტატორების განცხადებაში საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შესახებ.