კახეთის სოფლებში გაზაფხულის დადგომისთანავე ხშირად შეხვდებით ეზოებში ცეცხლმოკიდებული ფოთლების გროვას. მოსახლეობა ასე ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს ფოთლებისგან ათავისუფლებს. მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი ფოთლებს საკუთარი სახლის ეზოში დაწვავს, ამით არაფერი დაშავდება, მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ მცენარეული ნარჩენები ქუჩებში განთავსებულ კონტეინერებში არ მოათავსონ, თორემ ნარჩენებს საერთოდ არ გაიტანენ.
ფოთლების დაწვა რომ ზიანის მომტანია, ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებმა ვაჟა ხელაშვილმა. ამიტომ მან ბუნებრივი ნარჩენის მართვის საკუთარი გზა იპოვა. მოგროვილ ფოთლებს არც ყრის, არც წვავს - ერთად აგროვებს, ბიოსასუქად გარდაქმნის და ბოსტნეულის მოსაყვანად ნიადაგის გასამდიდრებლად იყენებს. ვაჟა ხელაშვილი ამასვე ურჩევს სხვებს.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი კახეთის რეგიონში, კახა სუხიტაშვილი, გვიხსნის, რომ მცენარეების, ფოთლების დაწვისას კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა, რომელიც ჯერ ჰაერში ხვდება, შემდეგ კი წვიმის გზით - ნიადაგში. შესაბამისად, ბინძურდება ჰაერიც და ნიადაგიც. სუხიტაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ამ საფრთხის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, თუმცა ვინც იცის, არც ის იცავს გარემოს.
„მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცის, რომ ეს ცუდია, მაგრამ მაინც ყრიან ან წვავენ. იურიდიული საკითხებია დასახვეწი. ამაში შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს სუფთა გარემო, არ იყოს მეთანი და ჭვარტლი, ასევე სოფლები და ქალაქები არ იყოს სხვადასხვა შხამიანი ნივთიერებებით გაჯერებული, აუცილებელია, რომ ფოთლების დაწვის მავნე ჩვევა მოისპოს“.
ნარჩენების მართვის კოდექსით, ფოთლების დაწვა, თუნდაც საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს სანქცია პრობლემას სრულად ვერ აგვარებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ ტატო ირემაძის თქმით, ფაქტების გამოვლენა არ არის პრობლემა, რთულია ადამიანების დაჯარიმება - კონკრეტული შეტყობინების საფუძველზე გასული სწრაფი პატრულირების თანამშრომლები ცეცხლის კერებს ნახულობენ, მაგრამ ადგილზე არ ხვდებიან ის პირები, რომლებმაც ფოთლებს ცეცხლი წაუკიდეს. შესაბამისად, ვერ ხერხდება კანონდამრღვევ პირთა გამოვლენა. ტატო ირემაძე ამბობს, რომ არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაზე გარემოს დაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს. მათ შორის, იგეგმება ჯარიმების ოდენობის გაზრდაც. ტატო ირემაძის თქმით, წელიწადში დაჯარიმებულთა რაოდენობა 200-დან 300-მდე მერყეობს.
ფოთლების დაწვის გარდა, კახეთში პრობლემაა ასევე ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების შემდეგ ფერმერების მიერ განგებ გაჩენილი ხანძრები. ისინი გასუფთავების მიზნით თითქმის მასობრივად წვავენ ნაკვეთებში დარჩენილ თივას.
სპეციალისტების თქმით, წესით, ნაკვეთები ასეთი ნარჩენებისგან მექანიზაციით უნდა იწმინდებოდეს, მაგრამ ვინაიდან ეს პროცედურა დამატებითი ხარჯების გაღებას მოითხოვს, გლეხები მარტივ, მაგრამ უკანონო და, ამავდროულად, საშიშ გზას ირჩევენ.