იტალიის ელჩი: საქართველოს ინფიცირებული მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ თქვა, რომ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული, ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია, - ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი, დადებითი გამოდგა ტესტზე. სტუდენტი გოგონა რომის პალანცონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც არაერთი კორონავირუსით დაავადებული ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რა თქმა უნდა, ამ ამბის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ ქართველი სტუდენტი მალე გამოჯანმრთელდება და ვენდობით ჩვენი მედპერსონალის გამოცდილებას”, - აღნიშნა იტალიის ელჩმა.

ენრიკო ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის. როგორც ელჩი ამბობს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, იტალიაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ადგილზე უნდა დარჩეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც თქვა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

„საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს დავით ზალკალიანი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე საქართველოს მოქალაქეა.