დავით ზალკალიანის თქმით, იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა კორონავირუსი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს აცნობა იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის მდგომარეობის შესახებ, - იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.

როგორც ზალკალიანი ამბობს, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც თქვა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

„საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს დავით ზალკალიანი.

მინისტრის თქმით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.