ძალადობა პოლიტიკოს ქალებზე:თქვენ რა გითქვამთ მათზე?

დასაწყისში, კონკრეტულ თხოვნაზე - გაიხსენონ საკუთარ თავზე, როგორც პოლიტიკოს ქალებზე ზეწოლის რაიმე ფაქტი ან მათი მისამართით ნათქვამი შეურაცხმყოფელი ფრაზა, ყველა ცდილობს ზოგადი პასუხით შემოიფარგლოს: რომ სირთულე ხვდება ყველა ქალს, ვინც პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტს, რომ ეს არ არის მარტივი, რომ არც ის არის ამ მხრივ გამონაკლისი.

წამიერი პაუზის შემდეგ კი ისინი ამბობენ: დიახ, გამახსენდა. და ზოგადი ფრაზები პოლიტიკაში მყოფი ქალების მიმართ ძალადობაზე, ძალიან კონკრეტულ ამბებად იქცევა.

4 მარტს, თბილისში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართა ძალადობის პრევენციას ეძღვნებოდა, პოლიტიკოს ქალებს რადიო თავისუფლებამ სწორედ ამ ამბების მოყოლა სთხოვა. მათ მიმართ ნასროლი იმ ფრაზების გახსენებაც, რაც არასოდეს დავიწყებიათ.

ეკა ბესელია: იმ ფარული ჩანაწერის ფონზე სხვა ფრაზა აღარც გამხსენებია

„ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფონზე სხვა ნასროლი ფრაზები აღარც მახსენდება ხოლმე. ამაზე დიდი რა ტრავმა შეიძლება მიაყენო პოლიტიკაში მყოფ ქალს, თუ მისი გაჩერება გინდა? მაგრამ მე ვიცი, ეს საშინელი სადამსჯელო მეთოდი მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ კი არ მომართეს, არა. ეს იყო გაფრთხილება სხვა ქალების მიმართაც. მაშინ ძალიან კრიტიკული ზღვარი გადავლახე, სანამ გადავწყვეტდი, რას ვაკეთებდი.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა ბესელია პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობაზე

მთელი ამ ამბების მერე, იყო ვანო ზარდიაშვილის ცნობილი ფრაზა, როდესაც ის ჩემს მორალს შეეხო, რამაც საჯაროდ გამომიყვანა წყობიდან. ის კადრები მაშინ ყველამ იხილა“.

2019 წლის სექტემბერში, საქართველოს პარლამენტში, მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თავის კოლეგას, ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ იცის მისი "მორალური ხედვები“, რაზეც ზარდიაშვილმა ფოფხაძეს "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამას კი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ნინო წილოსანი: ზოგჯერ გიწევს, ხმამაღლა დაილაპარაკო, რომ შენი ხმა კაცებს გააგონო

„კარგად მახსოვს ერთ-ერთი ფემინისტის საჯარო პოსტი ჩემზე - ასეთი დავარცხნილი და მწყაზარსახიანი რომ ვიყო, მეც გავაკეთებდი მისნაირ განცხადებებსო (პროპორციულ საარჩევნო სისტემას რომ მხარი არ დავუჭირე, მაგ ამბავს მოჰყვა ყველაფერი). გარეგნობაზე ხაზგასმას ყოველთვის მტკივნეულად აღვიქვამ. თან როდესაც ფემინისტი გეუბნება, რომ თურმე, პოლიტიკოსი ქალი დავარცხნილი არ უნდა იყოს, ვფიქრობ ეს ისედაც სტიგმატიზებულ მიდგომებს კიდევ უფრო ამყარებს.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო წილოსანი პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობაზე

იმ ოთახში, სადაც ყველა კაცია და მარტო ან რამდენიმე ქალთან ერთად ზიხარ, სულ გრძნობ, რომ უმცირესობაში ხარ.ზოგჯერ გიწევს, უბრალოდ ხმამაღლა დაილაპარაკო, რომ მათ შენი ხმა გააგონო. ამიტომ არის ბევრი ქალი პოლიტიკაში საჭირო, რომ ჩვენი ხმა უკეთ გაიგონონ“.

ირმა ინაშვილი: იმ სტატიაში „ბაბა იაგად“ ვიყავი მოხსენიებული

„მახსენდება ერთი სტატია ფრანგულ პრესაში, რომელიც სააკაშვილის და ბოკერიას ჯგუფებმა დაუკვეთეს და რომელშიც მე პირდაპირ „ბაბა იაგას“ მეძახდნენ. ეს სტატია შემდეგ ითარგმნა და ქართულ მედიაშიც დაიბეჭდა. აქცენტი გადატანილი იყო ჩემს გარეგნობაზე, ჩემს სამოსზე, რაც არ არის ღირსეული საქციელი.

Your browser doesn’t support HTML5

ირმა ინაშვილი პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობაზე

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. შემიძლია გავიხსენო რა საშინელი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი სოციალურ ქსელში, როცა საგარეჯოში მაჟორიტარ კანდიდატად ვიყრიდი კენჭს. ამ მიზანმიმართული ბულინგის გამო ქალ პოლიტიკოსებს ხშირად გვექმნება ოჯახში პრობლემები. ყველა ვერ უძლებს ამ ზეწოლას, ცილისწამებას და აგდებას და ამიტომა არის, რომ ისინი უარს ამბობს პოლიტიკაში მონაწილეობაზე“.

ნინო ბურჯანაძე: მე არასოდეს ვიტყოდი ამას კაცებზე.

„დიდი მითქმა-მოთქმა იყო იმასთან დაკავშირებით, ბურჯანაძე სულ თმადავარცხნილიაო. ოღონდ, მართლა არ მესმის, რატომ უნდა ვყოფილიყავი თმადაუვარცხნელი. დედაჩემი არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ არ მახსოვს ის მანიკურის და დავარცხნილი თმის გარეშე. მე კი მაშინ მთელ ქვეყანას წარმოვადგენდი. აქაც და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობაზე

ერთხელ, 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, პატრიარქთან ვიყავი შეხვედრაზე და ვითარების მოგვარებას ვცდილობდით, მახსოვს, ლევან ბერძენიშვილმა თქვა ჩემზე, ახლა ალბათ ნინო ბურჯანაძე სალონშია და თმას ივარცხნისო. ამას ხომ კაცებზე არ იტყოდნენ? ასევე დამამახსოვრდა კახა ბენდუქიძის განცხადებაც, ბურჯანაძესთან დილის 10 საათზე შეხვედრას ვერ დაგეგმავ, ამ დროს ის თმას ივარცხნისო. ეს ცხადია არ იყო სიმართლე. თუმცა მერე, როცა მე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან წამოვედი, პარლამენტში კი გამოჩნდნენ ქალები, რომლებსაც თმა დავარცხნილი არ ჰქონდათ, ახლა მათ მიმართ წავიდა ბულინგი და ფრაზები, ბურჯანაძემ თმის დავარცხნა ასწავლოსო. მე ამ ყველაფერს კაცების კომპლექსებს დავაბრალებდი - ისინი ხედავენ, რომ ბევრ რამეში ვჯობნით, უფრო ღირსეულადაც ვიქცევით. თუნდაც იმიტომ, რომ მე მაგალითად, ასეთ რამეს კაცებზე არ ვიტყოდი“.

თინა ბოკუჩავა: მე რომ კაცი ვყოფილიყავი, იქ მოვლენები სხვაგავრად განვითარდებოდა

„გულის ტკენის მიმართ იმუნიტეტი რომ არ გვქონდეს გამომუშავებული ქალ პოლიტკოსებს, ამ სფეროში ერთი დღეც ვერ გავძლებდით. 2012 წლის შემდეგ ჩემი მისამართით არაერთი სექსისტური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული განცხადება მომისმენია. ასეთი განცხადებების გარემო ჯერ კიდევ ნუკრი ქანთარიამ გახსნა თავისი ფრაზებით. მაგრამ ყველაზე შეურაცხმყოფელი ჩემთვის მაინც იყო ზუგდიდში მომხდარი ფაქტი, როცა საარჩევნო უბნიდან 7-8 ადამიანმა ძალით გამიყვანეს და ცხადია, ისარგებლეს იმით, რომ მე ქალი ვიყავი. მე რომ კაცი ვყოფილიყავი იქ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა“.

Your browser doesn’t support HTML5

თინა ბოკუჩავა პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობაზე

2019 წლის ივნისში, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობდნენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ თინათინ ბოკუჩავას ამ სიტყვებით მიმართა: „კარქით, კარქით, ნუ ჭყივიხართ; არ გვინდა თქვენი წიწინი, წიწინი არ გვინდა, აბა, გაჩერდი ერთი წუთი, გაჩერდი გენაცვალე. იოგებს გაუფრთხილდი, პატარა გოგო ხარ, იოგებს გაუფრთხილდი თუ შეიძლება, გამოგადგება მომავალში“ (სტილი დაცულია).

თაკო ჩარკვიანი: ვიდეოში ჩანდა, თითქოს როგორ ვიგინებოდი უშვერი სიტყვებით

„მახსოვს, როდესაც რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარვადგინეთ, მაგ ღონისძიების შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, ჩემი გამოსვლის გაშარჟებული ვარიანტი, სადაც მე ვჩანვარ. ოღონდ კადრებს ადევს სხვისი, დაწვრილებული ხმა და თითქოს უშვერი სიტყვებით ვილანძღები.

Your browser doesn’t support HTML5

თაკო ჩარკვიანი პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობაზე

ცხადია, იდენტიცირების პრობლემა არ ყოფილა, ადვილი მისახვედრი იყო რაც ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გაკეთდა ჩემი დაცინვის მიზნით. რაც შეეხება პოლიტიკოს მამაკაცებს - მათი მხრიდან ჩემ მიმართ ძალადობა ნამდვილად არასოდეს მიგრძვნია“.

ანა დოლიძე: მან მიწოდა „პირდაუბანელი დედაკაცი“

„ეს ამბავი უკვე ქრესტომათიულ მაგალითად იქცა - 2006 წელს, როცა მე საიას თავმჯდომარე ვიყავი, ირაკლი ოქრუაშვილი კი თავდაცვის მინისტრი, მან ბრიფინგზე საჯაროდ მიწოდა პირდაუბანელი დედაკაცი, რომელსაც ორი წიგნი არა აქვს წაკითხული. მე მაშინაც ვაკრიტიკებდი სასამართლო სისტემას. მას შემდეგ და დღემდე მიმიღია და ვიღებ მრავალგვარ მუქარას, მათ შორის, სექსუალური ხასიათის მუქარასაც. სამწუხაროდ, ეს საქართველოში აქტიური და პოლიტიკაში ჩაბმული ქალების თანმდევი პროცესია. და ამის შეცვლა უნდა დაიწყოს ზევიდან. ჩვენმა კოლეგა მამაკაცმა პოლიტიკოსებმა არ უნდა მისცენ სიგნალი ყველას, რომ შესაძლებელია ქალზე თავდასხმა ქალზე მაშინ, როცა ის საქმეზე გელაპარაკება“.

Your browser doesn’t support HTML5

ანა დოლიძე პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობაზე

საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალებმა საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მხოლოდ 16% მოიპოვეს.

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით, ქალები საკრებულოების არჩეული წევრების მხოლოდ 13,5%-ს შეადგენენ.

თვითმმართველი 5 ქალაქის მერებიდან - ყველა კაცია.

თვითმმართველი თემის წევრებიდანაც 59 კაცია, ქალი კი მხოლოდ 1.