არჩილ თალაკვაძე: ნაბიჯი გადადგმულია, რომ შეთანხმება შედგეს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შესაძლებელია. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
თალაკვაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით „სამართლიან და პრაგმატულ“ პირობებს სთავაზობს. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს ისეთ სისტემაზე, სადაც პარლამენტში 125 პროპორციული სიით, ხოლო 25 მაჟორიტარული სიით გასული დეპუტატი მოხვდება. „ქართული ოცნების“ მოდელი კი 110/40-ზეა. სწორედ ეს მთავარი კითხვა, რომელიც თალაკვაძემ ოპტიმისტური განცხადების მიუხედავად ისევ უპასუხოდ დატოვა.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ სამივე პაციენტის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სულ ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია. მათ შემოწმებები უტარდებათ.
ვირუსის გავრცელების საფრთხის მატებასთან ერთად უწყებათაშორისმა კომისიამ ქვეყანაში ხალხმრავალი ღონისძიებების გადადების რეკომენდაცია გასცა. ქვეყანაში რამდენიმე სახის საგანგებო ზომებს მიმართეს. დაიწყო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები. საგაზაფხულო არდადეგები კი 2-16 მარტამდე გაგრძელდება. ასევე დეზინფექცია ჩაუტარდა ავტობუსებს თბილისში.
ყველა სიახლე კორონავირუსის შესახებ წაიკითხე აქ
დღეს გაირკვევა კიდევ 8 პაციენტის ჯანმრთელობის პასუხები კორონავირუსზე
ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ დღის ბოლომდე უცნობი იყო 8 პაციენტის პასუხები, რომლებიც კორონავირუსზე შესამოწმებლად ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტები საქართველოს მოქალაქეები არიან. უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან.
თურქეთმა ასადის რეჟიმის ორი თვითმფრინავი ჩამოაგდო
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ასადის არმიის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რამდენიმე დღის წინ თურქეთმა თავისი სამხედრო კამპანიის გაძლიერების შესახებ გამოაცხადა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მისი 34 ჯარისკაცი დაიღუპა სირიაში, სადაც პროსახელისუფლებო ძალებს ზურგს რუსეთის ავიაცია უმაგრებს. ამის ფონზე კი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები კიდევ ერთხელ დაიძაბა.
კვირას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალურ ანკარას რუსეთთან კონფლიქტში ჩართვა არ სურს.
დონეცკის „იზოლაციის“ პატიმრები: სტანისლავ ასეევის მონაყოლი შიშის ნაირსახეობებზე
ჟურნალისტმა და ბლოგერმა სტანისლავ ასეევმა 31 თვე დაყო ტყვეობაში. მათგან 28 თვე გაატარა დონეცკის არტცენტრ „იზოლაციის“ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ჰიბრიდულმა ძალებმა არაოფიციალური ციხე მოაწყვეს. რადიო თავისუფლება აქვეყნებს სტანისლავ ასეევის მოგონებების ფრაგმენტებს ტყვეობაში განცდილი შიშის სახეობებზე.
მიგრანტების ჯგუფი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე. ისინი საბერძნეთისკენ მიდიან, მას მერე, რაც თურქეთმა თქვა, რომ თავის ტერიტორიაზე მყოფ ათიათასობით მიგრანტს ევროკავშირისკენ გაატარებდა.
სტალინი საბჭოთა ხალხისთვის ღმერთი იყო, მაგრამ გათენდა 1953 წლის 5 მარტი და მსოფლიომ ამხანაგ სტალინის გარდაცვალების ამბავი შეიტყო. კვირას ანარეკლებში, რა ხდებოდა მარტის იმ დღეებში საქართველოში? როგორ დაიტირეს ბელადი ბავშვებმა, მოხუცებმა ... როგორ დაიტირეს ბელადი თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისში.