ინფექციურში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტი რჩება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

მისი ინფორმაციით, ყველა პაციენტის, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს ორ ეტაპად იქნა აღებული 14 პაციენტზე სისხლის ანალიზი. მათგან ყველას უარყოფითი პასუხი აქვს. ამჟამად არის 19 პაციენტი. ისევ ველოდებით 8 პაციენტის პასუხს. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილები ჯერჯერობით გვაქვს. ასევე სამი ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ამ წუთში 19 პაციენტია, მაგრამ შემოდინებაა. ყველა არის საქართველოს მოქალაქე. ძირითადად შემთხვევები არის იტალია, ირანიდან“, - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი დაუდგინდა 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შევიდა აზერბაიჯანის გავლით. მეორე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიიდან ჩაფრინდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. მესამე ინფიცირებული მამაკაციც ირანში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.