თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად, სადაც მიიყვანენ ყველას, ვინც პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით. რაც შეეხება კლინიკაში აქამდე მყოფ პაციენტებს, გოფოძის თქმით, ისინი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაწილდებიან.
„კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები. ეს იქნება საკარანტინო ზონა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
კლინიკის დირექტორის თქმით, ამჟამად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუძლია მიიღოს და დაკვირვების ქვეშ ჰყავდეს 88 პირი.
„დღეს მთლიანად დაიცლება კლინიკა პაციენტებისგან, ხვალიდან ან ზეგიდან კი დავიწყებთ მიღებას“, - თქვა კლინიკის დირექტორმა.