„ირანის ისლამური რესპუბლიკა ჯანმრთელობას და წინსვლას უსურვებს საქართველოს მოსახლეობას და გამოთქვამს მზადყოფნას ყოველგვარი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ გავრცელა.
განცხადების მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, გამოხატავს პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის მიმართ და, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, აცხადებს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსის გავრცელებისთანავე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, დაიწყო ეფექტური და საგანგებო ღონისძიებების გატარება ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად და, რომ ამ მიზნით შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი. ირანის პრეზიდენტის ბრძანებით, ჯანდაცვის მინისტრს დაევალა ვირუსის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით სასწრაფო ზომების მიღება.
განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ირანის ჯანდაცვის სისტემა როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე არის საკმაოდ ძლიერი და ეფექტური.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა მაქსიმალური ძალისხმევით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და თავისი სამედიცინო და სამკურნალო შესაძლებლობებითა და რესურსებით გამოსულია კორონავირუსთან ბრძოლის ასპარეზზე. ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლობას უხდის ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას კორონავირუსთან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებებისათვის და მიაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მოქმედებებით იქნება შესაძლებელი კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება“, - ვკითხულობთ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.