მარინა ეზუგბაია: იტალიიდან ჩამოფრენილ ქალს არ ჰქონია სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი

იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც კორონავანირუსი დაუდგინდა, არ ჰქონია განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები, - თქვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ექიმი განმარტავს ინფიცირებულთან „ახლო/მჭიდრო კონტაქტის“ განსაზღვრებას და აღნიშნავს, რომ ასეთად განიხილება 15 წუთზე მეტი პირდაპირი კონტაქტი და დახურულ სივრცეში ორ საათზე მეტი დროით მასთან ერთად ყოფნა.

„არ მგონია, რომ იმ პირებთან, რომლებთანაც [ინფიცირებული] მუშაობდა, რომელიმეს დადებითი შედეგი აღმოაჩნდეს. თუმცა თუ რომელიმესთან გამოვლინდება სიმპტომები, მათთანაც ჩატარდება გამოკვლევა“, - ამბობს ეზუგბაია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ორივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.