„საქართველოს ფოსტა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 27 თებერვლიდან აკრძალულია საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის საზღვარგარეთ გაგზავნა.
„2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაში.
როგორც „საქართველოს ფოსტაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, შეზღუდვის დაწესების შესახებ, მათ ზეპირი გაფრთხილება მიიღეს ფინანსთა სამინისტროდან.
ამ გაფრთხილების მიზეზების შესახებ რადიო თავისუფლება ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც მიღებული პასუხის თანახმად, საუბარია მხოლოდ დიდი რაოდენობით პირბადეების გაგზავნაზე და არა სრულ აკრძალვაზე.
„კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე 2020 წლის 27 თებერვლიდან შეიზღუდა საქართველოს ფარგლებს გარეთ დიდი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, სამედიცინო ნიღბების დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მათ შორის - საქართველოშიც.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის 26 თებერვლის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი არაერთ ქვეყანას შეექმნა, თუმცა მთავრობა პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
„პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და, ბუნებრივია, საქართველოშიც შეიქმნებოდა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით შემოიტანონ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.