ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს დროებით ამცირებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს დროებით ამცირებს.

„აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში 4 რეისის ნაცვლად ფრენა კვირაში ერთხელ - პარასკევობით შესრულდება.

ქალაქი რომის მიმართულებით 18 მარტიდან 25 მარტამდე გაუქმდა ოთხშაბათის ფრენები.

ქალაქ ბოლონიის მიმართულებით 17 მარტიდან 24 მარტამდე ფრენები კვირაში ერთხელ შაბათობით შესრულდება.

ქალაქ ბარის მიმართულებით კი 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაუქმდა სამი ფრენა. ფრენები კვირაში ერთხელ მხოლოდ კვირა დღეს შესრულდება.

ცვლილება ახალი კორონავირუსის საფრთხის მიზეზით შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. ფრენების სიხშირეები შემცირებულია იტალიის მიმართულებით სხვა ქვეყნებიდანაც.

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა კიდევ 433 ადამიანს. 29 გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ჩინეთში დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე სარისკო ქვეყნები არიან სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

დღეს, 27 თებერვალს სამხრეთ კორეამ დაადასტურა 334 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 1595-ს მიაღწია. გარდაცვლილია 13 ადამიანი

ირანში ოფიციალურად დადასტურებულია დაავადების 139 და გარდაცვალების 19 ფაქტი.

აზიის მიღმა ყველაზე დიდი აფეთქებაა იტალიაში, სადაც 100 ახალი შემთხვევაა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 400-ზე მეტი ადამიანი და 12 გარდაიცვალა.