50 წლამდე მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოში ირანიდან ბრუნდებოდა. კონკრეტულად, კი, ქალაქ ყუმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც, როგორც 27 თებერვალს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გვითხრა, ირანში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი აქტიური არეალია.
საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებული პირი - საქართველოს მოქალაქეა და ამჟამად მას შესაბამის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, როდესაც მან ირანი-აზერბაიჯანის საზღვარზე, ქალაქ ასტარის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა, ტემპერატურა არ ჰქონია. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გამოუვლინდა.
ამის დასტურად აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც მოჩანს, როგორ უზომავენ საქართველოს მოქალაქეს და მის თანმხლებ კიდევ ერთ პირს ტემპერატურას.
Your browser doesn’t support HTML5
აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, ირანიდან აზერბაიჯანში შევიდა 06:05 საათზე, 25 თებერვალს, ხოლო იმავე დღის 17:09 საათზე წითელი ხიდის გავლით მან გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების განცხადებით, დაავადების სიმპტომები 10-12 სააათის შემდგომ გამოვლინდა, როცა ის უკვე საქართველოს მოუახლოვდა.
მასთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ გადმოკვეთა, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ორივე მათგანს საზღვარზე კონტაქტი ჰქონდა მებაჟეებთან, რომლებიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სრულად იყვნენ ეკიპირებულები. დღეს მებაჟეები იმყოფებიან კარანტინში - მათ აკვირდებიან.
Your browser doesn’t support HTML5
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მოსულ მამაკაცს უკვე ჰქონდა გამოხატული სიმპტომები, რის გამოც საგანგებო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედპერსონალიც იყო სტანდარტის მიხედვით ეკიპირებული.
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დღეის მონაცემებით დამაკმაყოფილებელია. ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 27 თებერვალს მას ტემპერატურა არ ჰქონია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რომელიც ამ დრომდე ზუსტდება, კორონავირუსის მატარებელი პირი და მისი თანამგზავრი ირანის საზღვრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და საქართველოს საზღვრამდე, ტაქსით გადაადგილდებოდნენ. თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, ეს იყო მსუბუქი ავტომობილი თუ ხალხით სავსე სამგზავრო მანქანა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის პრესსპიკერის, ნურიდა ალაჰიაროვას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ირანიდან აზერბაიჯანში ჩამოვიდა მიკროავტობუსით, რომელიც, მისი სიტყვებით, „რეგულარული ტრანსპორტირებისთვის არ გამოიყენება“.
ამ დროისათვის ვიცით ისიც, რომ მგზავრობისას მათთან ერთად მყოფი კიდევ სამი ადამიანი აზერბაიჯანში კარანტინში იმყოფება.
მათგან ერთი, რომელმაც თავად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს - ინფორმაცია ზუსტდება.
საქართველოს დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უკვე გადასცა შესაბამისი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს აზერბაიჯანში იმ ადამიანთა ვინაობის და მდგომარეობის დასადგენად, ვინც ინფიცირებულ ადამიანთან ერთად მგზავრობდა.
ამირან გამყრელიძემ ასევე გვითხრა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაადგილების ორკვირიანი შეზღუდვა შეეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ირანში იმოგზაურა.
რაც შეეხება ბოლო ცნობებს კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის თაობაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით:
- 27 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 433 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად)
- 27 თებერვლის მონაცემებით, სულ დადასტურებულია 78 497 შემთხვევა.
- 27 თებერვლის მონაცემებით, ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 508-ს.
- სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 2 358-ია.
- 27 თებერვლის მონაცემებით, დაფიქსირებულია სიკვდილის 2 744 და გამოჯანმრთელების 32 495 შემთხვევა.