გამყრელიძე კორონავირუსზე: უარი ვთქვათ გადაკოცნასა და ხელის ჩამორთმევაზე

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თავი უნდა შევიკავოთ გადაკოცნის ჩვევისგან, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს - გვირჩევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ამ რეკომენდაციის შესახებ მან 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ.

„ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს - როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით ერთმანეთს. გთხოვთ ძალიან, რომ თავი შევიკავოთ... ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ არ არის საჭირო, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ბობოქრობს გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები, რომლებიც გადადიან წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებითა და ახლო კონტაქტით“ - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე გვირჩევს, რომ ერთმანეთთან მისალმებისას თავი შევიკავოთ ხელის ჩამორთმევისგანაც.

„კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის მაინცდამაინც რეკომენდირებული ხელის ჩამორთმევა და ჯობია, რომ ერთმანეთს ხელის აწევით მივესალმოთ ხოლმე... ნუ გეცინებათ. ეს მარტივი და მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია იძლევა ხშირად ძალიან კარგ შედეგს“ - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ასევე ხელების ხშირად დაბანა საპნით 30 წამის განმავლობაში ან ხელების კარგად დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.

მნიშვნელოვან რეკომენდაციებში შედის ასევე: ოთახების ხშირი განიავება და მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა სავარაუდოდ ინფიცირებულ ადამიანებთან.