დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უკვე მოძიებულია და 14 დღით საიზოლაციო სივრცეშია მოთავსებული ყველა პირი, ვისთანაც შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდა კორონავირუსით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეს.
საუბარია სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების წარმომადგენლებზე, რადგან ამირან გამყრელიძის თქმით, ავადმყოფი აზერბაიჯანის საზღვრიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს და მოსახლეობასთან შეხება არ ჰქონია.
ამირან გამყრელიძემ, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროსაც, რომელმაც ასევე, დაიწყო დაავადებულის შესაძლო კონტაქტების მოძიება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
საქართველოს მოქალაქე მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი 26 თებერვალს დაუდგინეს, ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი პირველია, ვისაც საქართველოში ლაბორატირულად დაუდასტურდა კორონავირუსი.
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იქნება. „ჩვენ ერთი მხრივ, პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, მაგრამ რთული იქნება ეს, დამერწმუნეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება იმიტომ, რომ შემთხვევების 81% მიმდინარეობს მსუბუქად, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც. შემთხვევების 14-15%-ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო 5% გახლავთ კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს უკვე რეანიმაციულ დახმარებას", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, საქართველოს აქვს როგორც საკარანტინო სივრცეების რეზერვი, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოები, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარების ყველა საშუალება არსებობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადების მთავარი სიმპტომები იგივეა, რაც ყველა სხვა რესპირაციული ინფექციის - მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი და მისი ყველაზე სერიოზული გართულებაა ა-ტიპური, ანუ ვირუსული პნევმონია, რამაც შესაძლოა, გარდაცვალება გამოიწვიოს. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ შემთხვევაში აუცილებელია რეანიმაციული დახმარება, რისთვისაც საქართველოს აქვს რეზერვი და ჰყავს მომზადებული პერსონალი.
ამირან გამყრლიძემ კვლავ ურჩია მოქალაქეებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს, მოერიდონ განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში გამგზავრებას. ეს ქვეყნებია ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყველაზე მთავარი პრენვენციული საშუალებაა პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირად დაბანა, სველი წესით ხშირად დალაგება და ხშირად განიავება: „და მთავარი, თუ ვბრუნდებით დასენიანებული ქვეყნებიდან და 14 დღის განმავლობაში გვეწყება სიმპტომები, რომლებიც გამოიხატება ტემპერატურით, ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ქოშინით, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, ან პირდაპირ, გამოყოფილ ინფექციურ საავადმყოფოებს“.
კორონავირუსით დაავადებას ლაბორატორიულად ადასტურებს მხოლოდ „ლუგარის ცენტრი“.