ჯანდაცვის მინისტრი: ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკი

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას არწმუნებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს ახალი კორონავირუსის(COVID-19) ეპიდემიის საფრთხე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა 26 თებერვალს, ღამით. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია იზოლირებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან, მოვახდინოთ მათი კარანტინში მოთავსება. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაფერისი პირობები“, - განაცხადა ტიკარაძემ 27 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მობილიზებულნი არიან საავადმყოფოები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში: „მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს“.

ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა 24 საათიანი რეჟიმით მუშაობას აგრძელებს.

ამ ეტაპზე მაღალი რისკის ზონებად ითვლებიან ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია. საქართველოს მიმოსვლა შეჩერებული აქვს ჩინეთთან და ირანთან.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრიდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

27 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში სულ დაავადდა 78497 ადამიანი და 2744 გარდაიცვალა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაავადდა სულ მცირე 3 225 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.