სააფთიაქო ქსელების ნაწილში სამედიცინო პირბადეების დეფიციტია შექმნილი, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ამ ეტაპზე „ავერსის“ ქსელში არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე; „PSP“-ს ქსელში თბილისის მასშტაბით არ არის დარჩენილი არცერთი პირბადე. გარკვეული მარაგია დარჩენილი რეგიონებში.
ამ ეტაპზე, ნიღბების შეძენა შესაძლებელია „ჯიპისის“ ქსელში.
ნიღბების მარაგი აქვს „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელსაც.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი არაერთ ქვეყანას შეექმნა, თუმცა მთავრობა პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
„პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და, ბუნებრივია, საქართველოშიც შეიქმნებოდა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით შემოიტანონ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.