1921 წლის 17 მარტს, გემი „მარია“ ბათუმის“ ნავსადგურს ნელ-ნელა მოსცილდა და გეზი კონსტანტინოპოლისკენ (სტამბოლი) აიღო.
ამ გემით დატოვა საქართველო ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძემ თავის სოციალ-დემოკრატ ქმართან (აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი) მიხეილ წულუკიძესთან და ძმასთან, იონა თოდუასთან ერთად.
საქართველოს გასაბჭოებიდან ერთი თვეც არ იყო გასული.
ასევე ნახეთ ყველაფერი „25 თებერვლის“ შესახებიონა თოდუა 2 თვეში სამშობლოში დაბრუნდა - ის მცირე ხნით დააკავეს, თუმც, მალევე გაათავისუფლეს. ქრისტინემ და მიხეილ წულუკიძემ მთელი ცხოვრება გერმანიაში, ემიგრაციაში გაატარეს. საქართველოში არ იყო ნამყოფი არც მათი ვაჟი, გოგი წულუკიძე, რომელსაც ქართული მშობლებმა ასწავლეს. სწორედ გოგის მეუღლემ, რენატე წულუკიძემ გადასცა ოჯახის არქივის ნაწილი გასაცნობად ანა მარგველაშვილს.
ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ახლაც მახრჩობს ცრემლები... სინანული - რად მარგუნა ბედმა გადმოხვეწილება უცხო მხარეში და მომაკლო მშობლიური ალერსი - სითბო - სიყვარული“, - ამ სიტყვებით იწყება ქრისტინე წულუკიძის ჩანაწერები, რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ (SOVLAB) აკრძალული მეხსიერების სერიის კიდევ ერთ წიგნად აქცია და როგორც იდეის ავტორი და წიგნის შემდგენელი, ანა მარგველაშვილიც წერს შესავალ წერილში, ამ წიგნმა საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი თეთრი ლაქა ამოავსო.
წიგნს ჰქვია - „ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი“ და ის, 1921 წლიდან ემიგრაციაში მცხოვრები ქრისტინე თოდუა-წულუკიძის დღიურებისა და წერილების გარდა, მისი ძმის, იონა თოდუას „გაქცევის დღიურსაც“ აერთიანებს.
თუმცა ამბის მთავარი მთხრობელი ქრისტინეა. წიგნის ყდაზეც მისი ფოტოა გამოტანილი, რადგან, როგორც ანა მარგველაშვილმაც გვითხრა, ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაშლის და ქვეყნის გასაბჭოების შემდგომ, პოლიტიკურ ემიგრაციაზე ქალი მოგვითხრობს. ქრისტინე, საქართველოდან მაშინ გადახვეწილი სხვა არაერთი ქალის სახეცაა.
ქალები, რომლებიც 1921 წელს თავიანთ ქმრებს, მამებს, ძმებს გაჰყვნენ უცხო ქვეყნებში, თითქმის არსად ჩანან. მცირეა ინფორმაცია, თუ როგორ უმკლავდებოდნენ იმ უკიდურეს გაჭირვებას, რომელშიც ისინი ემიგრაციის პირველ წლებში აღმოჩნდნენ.
ხოლო ცოდნა, წერს ანა, რომელიც ჩვენ გვაქვს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველოდან ემიგრირების თაობაზე, ძირითადად, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ისტორიით შემოიფარგლება.
ცოტა რამ ვიცით სხვა ქვეყნებში მოხვედრილი ქართველების ცხოვრებაზე. მაგალითად, გერმანიაში, სადაც ემიგრაციის პოლიტიკური ცენტრი 1921-1945 წლებში იყო ჯერ ბერლინი, შემდგომ კი მიუნხენი. ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების ოჯახი სწორედ ბერლინის პოლიტიკურ ემიგრაციას მიეკუთვნებოდა.
ქრისტინეს (და მისი ძმის, იონას) მოგონებები, ჩანაწერები და წერილების ნაწილი ტყუილად არ შევიდა „აკრძალული მეხსიერების“ სერიაში. ანა მარგველაშვილი გვეუბნება, რომ მართალია ეს ტექსტები აკრძალული არ ყოფილა, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ამ ჩანაწერებს მაშინ ქრისტინეს არავინ დაუბეჭდავდა.
„ამ სერიაში ადამიანის ხმა ისმის. ადამიანი ავსებს ისტორიას. ის ყვება ეპოქაზე, რომლის მოწმეცაა. ეს არის ადამიანური განცდების წიგნი და რაც ყველაზე საინტერესოა, ქალის პერსპექტივიდან დაწერილი. ქრისტინე ამ ჩანაწერებში საკმაოდ თავშეკავებულია და რაღაც საკითხებს, მაგალითად, ქართული ემიგრაციის საკითხს, იქ არსებულ კონფლიქტებს, საერთოდ არ ეხება. სამაგიეროდ, გვიჩვენებს, რის ფასად და როგორ მიაღწია წარმატებას. როგორ გახდა ცნობილი ექიმი“.
ქრისტინე თოდუა-წულუკიძის ჩანაწერები 1921 წლიდან 60-იანი წლების ბოლომდე გრძელდება. იონა თოდუას დღიური კი - 1921 წლის 8 მარტიდან 28 აპრილამდე პერიოდს აღწერს და ის არა მხოლოდ ერთი ოჯახის გაქცევის ისტორიაა, არამედ სხვა მსგავსი ბედისწერის ადამიანების ამბავიც.
ამ დოკუმენტების ორიგინალები დღემდე ბერლინში ინახება - საოჯახო არქივში. ქრისტინეს შვილიშვილის, თენგიზ წულუკიძის არქივში.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, ქრისტინე სოხუმში მუშაობდა მასწავლებლად ქალთა ეპარქიულ გიმნაზიაში. 1920 წელს, სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ლიტერატორი, სოციალ-დემოკრატი მიხეილ წულუკიძე. მისი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობა გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზიც.
მოგვიანებით ქრისტინე მოგონებებში წერდა:
„არ ვიცოდი, საით ან რატომ მივდიოდი, რამდენი ხნით ან რა მომავლით. მხოლოდ ეს კი ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი საზღვარგარეთ მიდიოდა და მე, როგორც მისი მეუღლე, ძალაუნებურად თან უნდა გავყოლოდი“.
ოციანი წლების ბოლოს ქრისტინემ უკვე იცოდა, რომ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდნენ. მან ბერლინში, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, 1935 წლისთვის წარმატებით დაასრულა ძირითადი კურსი და ამავე მიმართულებით გააგრძელა სწავლაც და შემდგომში უკვე კარიერაც.
მეორე მსოფლიომო ომის დასრულების შემდეგ ქრისტინეს ოჯახი აღმოსავლეთ ბერლინში დარჩა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლდებოდა. იმ დროს ქრისტინე უკვე წარმატებული ექიმი იყო. მიხეილ წულუკიძე კი უკვე ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას და ძირითადად ლიტერატურას უთმობდა დროს. თუმცა მანამდე:
„ერთი წელიწადი ვცხოვრობდით კონსტანტინეპოლში, უცხო ხალხში, ჩემთვის უცნობ წრეში, უსაქმოდ, უმუშევრად. ეს მდგომარეობა აუტანელი იყო ჩემთვის. სულიერად ავათ გავხთი - დავნაღვლინდი. ვეძებდი საშვალებას სამშობლო დაბრუნებისას, მაგრამ ვერ ვახერხებდი. პირიქით. საბედისწერო გზა კიდევ მეტად გამიგრძელდა. კიდევ მეტად დავშორდი საყვარელ სამშობლოს. იანვარს, 1922 წელს, უფულობის გამო დიდი გაჭირვებულ მოგზაურობის შემდეგ ჩამოვედით ქ. ბერლინში... პირველად ჩვენც მივედიღ საელჩოში... აქ ტიროდენ შეწუხებული ხალხი“...
„ჩვენ როგორც კი დავბინავდით, დავრწმუნდით, რომ ასეთ ყველასთვის გაჭირვებულ დროს, შესამჩნევი დახმარება არსაიდან იქნებოდა. მიშამ დაიწყო მუშაობა ქარხანაში უბრალო მუშად ე.ი. უსწავლელ მუშად. უჩვეულო მუშაობამ და ნახევრად შიმშილობამ მალე წელში გატეხა... მე ჩემს გოგაზე ორსულად ვიყავი.. უკანასკლენ თვეში გარეთ ვერ ვჩნდებოდი და არც შემეძლო რამე მძიმე სამუშაოს შესრულება“.
მოგონებები, დღიურები და წერილები ერთმანეთს ცვლის. 1923 წლის თებერვალში, დისთვის, ნინასთვის მიწერილ წერილში ქრისტინე იწერება, „უსათუოდ ერთი ჩვენებური ბია და ერთი მჟავე ბროწეული უსათუოდ გამომიგზავნეო“ - ორსულადაა.
ამ ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ემიგრაციის პირველ წლებში, ფაქტობრივად მშივრები იყვნენ. უჭირდათ ისე, რომ ერთხელ თავის მოკვლაც კი გადაწყვიტა.
„მთელი დღე მშიერი ვიყავი, უცდიდი მიშას, რაიმე საჭმელი მოეტანა. მიშა მოაბიტის ხიდთან შემხთა. არავითარი საჭმელი არ ქონდა... მიშამ მითხრა, „ერთი წუთი აქ დამიცადე“... მე გადავწყვიტე ხიდიდან გადავარდნა. ავიწიე... მაშინათვე ვიგრძენი ბავში გაინძრა მუცელში... პატარა ტირგარტენში შევედი და სკამზე დავჯექი. მიშამ ბევრი მეძია, მნახა მთლად გაფითრებული... ამოიღო ჯიბიდან ორი იტალიური ლირა და რამდენიმე ფენიგები და მითხრა, ეს მომცა სანდრო კორძაიამ... ბევრი ვიტირეთ... წავედით სახლში...“
ყვება, როგორ გააჩინა ბავშვი, როგორ ეძებდა სამსახურს და თავიდან როგორ შოულობდა გროშებს „საკერავი სამუშაოთი“. როგორ დარჩნენ უბინაოდ და როგორ აღმოჩნდნენ ადლერსჰოფში წითელი ჯვრის ბარაკებში.
„შეიძლება ითქვას, რატომ არ მივმართეთ შეძლებულ ქართველებს ან საელჩოს? ვინმე ხომ უთუროდ დაგვეხმარებოდა. ყოფილი საელჩო პირველ ხანებში ყველას ცოტ-ცოტას გვეხმარებოდა, მაგრამ ეს დახმარება ადამიანის სულ პრიმიტიულ მოთხოვნილებისათვისაც იყო ზღვაში წვეთი... რაც შეეხება შეძლებულ ქართველებს, იმათ კარებზე პროვანსელი ტრუბადურთა მიბაძვით ბევრნი ტკბილს ჰანგებს მღეროდნენ, რაღა მიეღოთ, ზოგს სტიპენდია - სწავლის გასაგრძლებლად, ზოგს შოფერობის შესასწავლად...ვინ მიხედავდა ჩვენისთანა უმნიშვნელო ხალხს, ვინ დაიჯერებდა ასეთ საზღაპრო გაჭირვებას“...
ქრისტინე წერს, ჩვენ ქალები, განუწყვეტლივ ვმუშაობდით, მამაკაცები კი ბავშვებს უვლიდნენ, საჭმელს ხარშავდენ და ჩვენი ნამუშევარი მიჰქონდათ ბერლინშიო. წერს, როგორ ჩააბარა სამედიცინოზე, ომის შემდეგ კი, როცა მიშა წულუკიძე უკვე აღარ იყო ცოცხალი, როგორ გადავიდნენ ქრისტინე და მისი ვაჟი ახალი ბინაში და როგორ გახსნეს „შინაგანი ავადმყოფობის პრაქტიკა“. ომზეც წერს:
„მცხოვრებლები, როცა შემოფრინდებოდნენ ინგლისელები ან ამერიკელები, სარდაფში უნდა ჩავსულიყავით. სახლი დაბნელებული გვქონდა. ზოგიერთი სახლი დაბომბდეს, სწორედ ამ დროს დაიწვა ჩვენი ბინა...“
ქრისტინეს დაუტოვა თავისი გაქცევის დღიური ძმამ, თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა იონა თოდუამ.
ამ ჩანაწერებში ის დეტალურად გვიყვება გზას, რომელიც მათთან ერთად კიდევ არაერთმა ქართველმა გაიარა. როგორ ჩავიდნენ ჯერ „ბათომში“ და როგორ გაჭირვებით განთავსდნენ სასტუმრო „ნეაპოლში“. როგორ ღირდა პური 600 მანეთი. როგორ ილეოდა ფული. როგორ მოვიდა წასვლის დღე:
17 მარტი, 1921 წელი
"მაშ, დღეს წავალთ. მიშამ მოიტანა ნებართვა მგზავრობისა ან „მარია“ ან „ვესტა“-ზე (გემების სახელია). ავკიდეთ ხიბაკები მუშას და გავსწიეთ ნავსადგურისკენ. „მარია“ უკვე დაძრულიყო... უცებ გემის ერთი ნაწილი კვლავ მოადგა ნაპირს, გავიქეცით იქითკენ, შევყარეთ ხიბაკი და ავტოტყდით ძლივს გემზე"...
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი გვეუბნება, რომ ქრისტინე წულუკიძის მსგავსი თავგადასავლებით შესაძლებელია შეივსოს საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როცა იგნორირებული იყო ადამიანის თვალით დანახული ესა თუ ის პროცესი თუ მოვლენა და რაც ასე ძალიან აკლია ქართულ ისტორიოგრაფიას.
„ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი“ სერიის მესამე წიგნია, რომელიც სოვლაბმა მოქალაქეთა შემოწირულობით დაბეჭდა. დაწყებულია კამპანია მეოთხე წიგნის, ელიზბარ მაყაშვილის მოგონებების გამოსაცემად.
თავად ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე 1981 წელს, ბერლინში გარდაიცვალა. ის საქართველოში არასოდეს დაბრუნებულა.