მიხეილ კალანდიას მამა: ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრს წავათრევ კიდევ

თენგიზ კალანდია

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია მისი შვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებულ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ კალანდიას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, თენგიზ კალანდიამ მედიას უთხრა, რომ გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ხელი შეახოცეს კალანდიების ოჯახს.

„ოცნებამ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი. აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში. ყველაზე ადვილად ჩვენზე იყო ხელი შესახოცი“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ. მისი თქმით, ზაზა სარალიძემ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გააჟღერა, რომ მიხეილ კალანდიას 15 წელზე მეტს არ მიუსჯიან და ეს შეასრულეს.

ჟურნალისტების შეკითხვას, რას აპირებს, თენგიზ კალანდიამ უპასუხა: „ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრს წავათრევ კიდევ იმ ჯოჯოხეთში“.

დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.