არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად, მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, მოსამართლემ მიხეილ კალანდიას გამამტყუნებელი განაჩენი ხელისუფლების კარნახით მიიღო, რათა ქვეყანამ არჩევნებამდე დარჩენილი 8 თვის განმავლობაში სტაბილურობა შეინარჩუნოს:
„დღეს მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ დროებით შეინარჩუნა ძალაუფლება, იმიტომ რომ თავიდან აერიდებინა ზაზა სარალიძის, ასე ვთქვათ, განაწყენება და მოსალოდნელი აქციები მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში. მაგრამ მე ამას ვამბობ მკაფიოდ, ჩვენი ოჯახი არ აპირებს დანებებას“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლუკა კალანდიამ. მისი თქმით, საბრძოლველადაა განწყობილი თავად მსჯავრდებული მიხეილ კალანდიაც, რომელმაც თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ უსამართლო განაჩენის შემთხვევაში, მზადაა, ციხეში წავიდეს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება.
ლუკა კალანდიამ მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს გაასაჩივრებენ:
„პროცესუალურად როგორც ხდება: აპელაციაში გავასაჩივრებთ, არანაირი შედეგი არ ექნება, გავასაჩივრებთ უზენაესში, კვლავ არანაირი შედეგი არ ექნება, იმიტომ რომ სულ კორუმპირებულია სისტემა და შემდეგ, სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს, სადაც საქართველოს ხელები, ასე ვთქვათ, ვერ მიწვდება და სამართლიანობას აღვადგენთ“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენით, მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და, საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განესაზღვრა 11 წელი და 3 თვე.
მიხეილ კალანდია, რომელსაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა, 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.