მეფუტკრეები ადრებრინჯაოს ხანის საქართველოდან

"როგორ მინდა, ბუსუსი გამოჩნდეს, რომ თქვენც დაინახოთ! იცით, რამდენი ხანი ვფიქრობდი, რა შეიძლება ყოფილიყო პალმის რტოს მსგავსი ეს გამოსახულება? თუ გაგვიმართლა... აქ სულ 33 რიგია, ზედმიწევნით უნდა გაიარო და ამოწმო რა შეგხვდება... Yes! გამოჩნდა, შეხედეთ, რა ლამაზია!"

პალინოლოგი ელისო ყვავაძე თავის „ოლიმპუსს“ ჩემკენ ატრიალებს და ბოლო თაობის მიკროსკოპში ჩახედვის უფლებას მაძლევს - ჯერ სითეთრე მოჩანს, მერე კი,შეუჩვეველი თვალისთვის გადღაბნილ ფიგურებს ვხედავ, რამდენიმე წამი მჭირდება, რომ მეც მკაფიოდ დავინახო ის, რაც თვალით უხილავია - ფუტკრის ბუსუსი, რომელიც თაფლში აღმოჩნდა.

მაგრამ ეს ახლაა მარტივი, იცოდე, რა არის სინამდვილეში „პალმის რტო“ და საიდან აღმოჩნდა ის უძველეს თაფლში, თორემ წლების წინ, როცა ელისო ყვავაძემ ორგანულ ნაშთებს ჩახედა და იქ თაფლოვანი მცენარეების მტვრის მარცვლებთან ერთად ეს გამოსახულებაც დაინახა, უდიდესი კითხვის ნიშანი გაუჩნდა, რომელზე პასუხის გაცემასაც დრო დასჭირდა და უწყვეტი ფიქრიც, რა შეიძლება იყოს, რა უნდა იყოს?

დღეს პასუხები უკვე არსებობს - თან შთამბეჭდავი.

პალინოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ანუ ნეოლითურ ეპოქაში ვითარდება მეფუტკრეობა. გვხვდება შინაური თაფლი. ცოტა მოგვიანებით კი, ადამიანები თაფლს მიცვალებულების ბალზამირებისთვის იყენებენ.

პალინოლოგები ოცნებობენ თაფლთან შეხვედრაზე.

ელისო ყვავაძეს კი ძალიან გაუმართლა - თაფლის კვალს მან საქართველოში, 7 უძველეს ძეგლზე მიაგნო. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდიდან, და უფრო ინტენსიურად ადრე ბრინჯაოს ხანაში, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანს ფუტკარი მოშინაურებული ჰყავდა.

პალინოლოგიურმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მიცვალებულებს სამარხში ატანდნენ პირველადი დახმარების აფთიაქებს. იმ მცენარეთა სიაც დადგენილია, რომლებსაც ადრე ბრინჯაოს ხანის ადამიანი ინტენსიურად მოიხმარდა, თუმცა, დღევანდელ ეთნოფარმაკოლოგიაში მათზე მონაცემები არ არსებობს.

ესენია; ძელქვა, ლაფანი, უხრავი, გვიმრა კრიპროგრამა.

სამკურნალო მცენარეების თვისებებიდან გამომდინარე კი, ამ პერიოდში ყველაზე გავრცელებული დაავადებები კუჭ-ნაწლავის ინფექციები, რევმატიზმი და ჰელმინთოზი უნდა ყოფილიყო.

ერთი შეხედვით, თითქოს წარმოუდგენელია მცენარის მტვრის უხილავმა მარცვალმა უძველესი ყოფის სრული სურათი აღადგინოს (კლასიკური განმარტების თანახმად, პალინოლოგია მიკრობოტანიკის დარგია, რომელიც მცენარეების ყვავილის მტვრის მარცვლებს შეისწავლის. თუმცა დღეს პალინოლოგია სწავლობს ასევე ყველა სხვა მიკროსკოპულ ორგანიზმს, მწერების ბუსუსები იქნება ეს, ხის მერქნის უჯრედები თუ სხვა) მაგრამ სწორედ ამ დარგის დახმარებას იყენებენ არქეოლოგები კონკრეტული დროის გარემო პირობების რეკონსტრუქციისთვის.

მცენარის მტვრის მეხსიერება

ხანდახან ამ თვალით უხილავ კომპლექსში ძალიან ბევრი ინფორმაცია ამოდის. ზოგჯერ - ერთდროულად 80 მცენარის მტვრის მარცვალი მოჩანს. და მერე იწყება ხანგრძლივი კვლევა - სპექტრში დიდი რაოდენობით ჭინჭარი ან მრავალძარღვაა? ეს ხომ იმის ნიშანია, რომ იმ ადგილას, საიდანაც ეს ორგანული მასალა აიღეს, ადამიანს უნდა ეცხოვრა.

„რატომ? იმიტომ, რომ ვიცით, ჭინჭარი ადამიანის ეზოს სარეველაა. ეს არის ადამიანის არსებობის ინდიკატორი.ვიცით, რომ ბევრი მცენარე ადამიანს თან მიჰყვება. რომ, მაგალითად, ხორბლის ყანას მუდამ თავისი სარეველა ახლავს - მატიტელა ან ხვართქლა. და როცა ხორბლის მტვრის გარდა, გვხვდება ამ სარეველების მტვერიც, ეს უკვე ინფორმაციაა. ყველაფერი კი ერთმანეთს ეხმარება და იმის თქმის საფუძელს გვაძლევს, რომ კონკრეტულ ადგილას მეხორბლეობა იყო განვითარებული ან მევენახეობა ან რაზეც ახლა ვლაპარაკობთ - მეფუტკრეობა“,- პოპულარული ენით გვიხსნის ელისო ყვავაძე.

მისი და კიდევ ელისოს ორი კოლეგის, მაია ჭიჭინაძისა და ინგა მარტყოფლიშვილის ავტორობით სწორედ ახლა დაიბეჭდა წიგნი, რომელიც საქართველოს ადრე ბრინჯაოს ხანის ძეგლების პალინოლოგიურ მონაცემებს აჯამებს და მასში იმ კვლევის მთავარი შედეგებია თავმოყრილი, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

არტეფაქტებში არსებულ ორგანულ ნაშთებს პირველად მსოფლიოში ყურადღება ამერიკელმა პალინოლოგებმა მიაქციეს. საქართველოში კი ყველაზე ადრინდელი პალინოლოგიური კვლევები ქვის ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე ჩატარდა - ცუცხვათის გამოქვაბულში, ახალქალაქსა და დმანისში. თუმცა მაშინ ძირითადი ყურადღება ექცეოდა პალეოლითის დროის მცენარეული საფარისა და კლიმატის ცვლილების ისტორიას.

თაფლის კვალი ჯერ აღმოჩენილი არ იყო.

ეს მოხდა 2004 წლიდან, როცა საქართველოში კომპანიამ British Petroleum ნავთობსადენის გაყვანა დაიწყო და იმავე ტერიტორიაზე, როგორც წესია, ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები დაიგეგმა.

მეფუტკრე ქალი კოდიანის ყორღანიდან (ადრებრინჯაოს ხანა)

კოდიანის ყორღანი არქეოლოგებმა ბაკურიანის სამხრეთის მდებარე სოფელ საკირეს მახლობლად (ზღვის დონიდან 2289 მეტრი) აღმოაჩინეს. ეს არქეოლოგიური ძეგლი ძვ.წ. აღ. 27-25 საუკუნეებით თარიღდება.

გათხრების შედეგად სწორედ იქ იპოვეს ქალის ჩონჩხი. ქალი, ანთროპოლოგების დასკვნით, 50 წლისა უნდა გარდაცვლილიყო. მას სამი ჭურჭელი ჰქონდა ჩატანებული - ორი თიხის, ერთიც ხის. სამივე ჭურჭელი ოდესღაც თაფლით სავსე უნდა ყოფილიყო. ორგანული მასალის ანალიზმა აჩვენა, რომ მასში 80% თაფლოვან მცენარეების მტვერი იყო, თან ყველა ჭურჭელში განსხვავებული თაფლი ესხა: ერთში ცაცხვის მტვერი აღმოჩნდა, მეორეში - მარცვლოვნების მტვერი, მესამეში კი ველის ბალახოვანი მცენარეების მტვერი. მტვერი ბევრი იყო, თითქოს მუჭით ჩაყრილი!

ხოლო თავად ფაქტმა, რომ მიცვალებული ქალი იყო და მას სამარხში სამივე ჭურჭლით თაფლი ჩაატანეს, მეცნიერებში გააჩინა ვარაუდი, რომ შესაძლოა, სწორედ ქალები იყვნენ პირველი მეფუტკრეები. ქალები, რომლებიც შემგროვებლობის გარდა ფუტკრის მოშენებასაც მისდევდნენ.

„წარმოიდგინეთ, ამ მომენტში ვარ, ფაქტობრივად გაოგნებული, თუ რატომ არის ამდენი მტვერი და სწორედ ამ დროს თბილისში პრაღიდან ჩამოვიდა ძალიან ცნობილი პალინოლოგი პეტრე პოკორნი.პირველად მას ვაჩვენე მასალა. ელისო, ეს თაფლია, მან მითხრა. მერე შესაბამის ლიტერატურაშიც გადავამოწმე. საეჭვო არაფერი იყო, ორგანულ მასალაში აღმოჩენილი მცენარეების მტვრის მარცვლების 80% თაფლოვან მცენარეებს ეკუთვნოდა“.

ამ აღმოჩენის შესახებ პირველი სტატია ელისო ყვავაძემ ცნობილ გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში „Vegetation History and Archaeobotany“ გამოაქვეყნა. საქართველოში უძველესი მეფუტკრეობის უტყუარი კვალის აღმოჩენაზე წერდა.

საპირისპირო აზრი მაშინვე გაჩნდა - ქართველი მეცნიერების ნაწილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ეს, შესაძლოა, ადამიანის მოშინაურებული ფუტკრის კი არა, ველური, ტყეში მოპოვებული თაფლის კვალი ყოფილიყო.

ელისო ყვავაძემ ველური თაფლის ანალიზიც გააკეთა. მაგრამ მასში არც ხორბლის მტვერი აღმოჩნდა და არც ადამიანის საცხოვრებლისათვის დამახასიათებელი სხვა ელემენტები:

„ასეც გამოვაქვეყნეთ, რომ ჩვენ საქმე უძველეს მეფუტკრეობასთან გვქონდა. რომ ეს იყო ევროპში ყველაზე ადრინდელი მეფუტკრეობის კვალი. საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა“.

კოდიანის შემდეგ ელისო ყვავაძე თაფლს სხვა უძველეს ძეგლებზეც შეხვდა. მათ შორის იყო ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი ძეძვებიც,

თაფლში შენახული მიცვალებული - ძეძვების ნამოსახლარი

ძეძვების ნამოსახლარი მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლადაა მიჩნეული (ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარი). ის საყრდისის ოქროს საბადოსთან ახლოს აღმოაჩინეს.სწორედ იქ, ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა კაცის ჩონჩხი,რომელსაც ჩატანებული ჰქონდა თაფლით სავსე ჭურჭელი.

თაფლის კვალი აღმოჩნდა თავად მიცვალებულის ნაშთებზეც, რამაც მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მისი სხეული გარდაცვალების შემდგომ თაფლით იყო ბალზამირებული.სელის ქსოვილის ბოჭკო კი იმაზე მიუთითებდა, გვიზიარებს თავის ვარაუდს ელისო ყვავავძე, რომ თაფლწასმული მიცვალებული ქსოვილში შეახვიეს და ისე დაკრძალეს.საქართველოს ტერიტორიაზე ეს ტრადიცია გრძელდებოდა ბედენური კულტურის დრომდე.

ძეძვების ნამოსახლარში აღმოჩენილ ჭურჭელში თაფლოვან მცენარეთა გარდა, ფუტკრის მიკროსკოპული ნაშთებიც აღმოჩნდა.

ბუსუსის ამოცნობა

ამ „რაღაცას“, პალმის რტოს რომ ამსგავსებდა, ელისო ყვავაძე ხშირად ხედავდა მიკროსკოპში. მაგრამ რა იყო, არ იცოდა. გავიდა დრო და ერთ დღესაც, თანამშრომელმა გოგონებმა თაფლის ყიდვა გადაწყვიტეს და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად ელისოს მისი შემოწმება სთხოვეს. თუ თაფლი სუფთა არ არის და შაქარგარეულია, მასში თაფლოვანი მცენარეების მტვრის მარცვლები ან ცოტაა, ან საერთოდ არ ჩანს.

მიკროსკოპში ჩაიხედა და შეჰყვირა.

ისევ იგივე გამოსახულება, რაც საუკუნეების წინანდელ თაფლში იყო. კავშირი რომ არსებობდა, ამას წყალი არ გაუვიდოდა, მაგრამ რა? თანამშრომელს, რომლის ბიძაც, იცოდა, რომ მეფუტკრე იყო, ორი მკვდარი ფუტკრის ჩამოტანა სთხოვა და იმ ღამით, როცა ფუტკრის ბუსუსებს მიკროსკოპით დახედა, ხელმეორედ იყვირა.

ფუტკარი, რა თქმა უნდა! ფუტკარი ყოფილა!

„ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. და ეს იყო ახალი და კიდევ ერთი თაფლის არსებობის არგუმენტი. მაშინ იმ თანამედროვე თაფლის შემოწმება რომ არ ეთხოვათ, ალბათ, კიდევ დიდხანს დამრჩებოდა კითხვები. და იცით, რატომ არის ეგეთი წვეტიანი ფორმის? ზედ რომ მტვრის მარცვალი წამოეგოს. ხომ მაგარია?“

მაგრამ მერე ახალი კითხვა გაჩნდა. მაინც რატომ იყო ბუსუსი? დაიწყო იმის მოკვლევა, თუ როგორ მუშაობს ფუტკარი და აღმოაჩინა, რომ როდესაც ის ყვავილშია ჩამძვრალი, მთლიანად ამოგანგლულია მის მტვერში. ამ მტვერს ის თავისივე ტანიდან თავისივე კიდურებით აგროვებს, აკეთებს გუნდას და იმ გუნდას უკანა ფეხებთან არსებულ პატარა „ჯიბეებში“ იტენის. ხანდახან ეს გუნდა იმხელაა, ფუტკარს ფრენა უჭირს. მაგრამ სწორედ ასე უნდა გამოკვებოს შვილები და გააკეთოს თაფლი.

„ამ გასაოცარი რიტუალის დროს ხვდება ზუსტად თაფლში ფუტკრის ბუსუსებიც და კლანჭებიც“.

წიგნის ყდაზეც ფუტკრის ბუსუსის მიკროსკოპული გამოსახულება ახატია, როგორც თაფლის არსებობის მყარი არგუმენტი.

თაფლის პირველი კვალი ნეოლითის ხანიდან

ყველაზე ძველი მეფუტკრეების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის ჭურჭლიდან აღებული მასალის გამოკვლევით დადგინდა. ეს არტეფაქტი 8000 წლით თარიღდება. შულავერის გორაზე იპოვეს ღუმელის ნაშთები, რომლის ძირის ანაფხეკის ანალიზით ელისო ყვავაძემ დაადგინა, რომ მასში ცეცხლის და ნახშირის ნარჩენების გარდა, თაფლის ნაშთებიც იყო.

„როგორც ჩანს, იქ თაფლი საჭმლის კეთებისას ჩაეღვარათ. უფრო გვიანდელ, ბედენის ყორღანში კი ვიპოვეთ ცვილი, რომელიც მიცვალებულის სამარხში ჩატანებულ პატარა აფთიაქში იყო. ესე იგი, მათ უკვე იცოდნენ, რომ ცვილს სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა“, -ამბობს ელისო ყვავაძე.

თაფლიანი ორცხობილა თეთრიწყაროს ყორღანიდან

მაგრამ იმან, რაც იპოვეს თეთრიწყაროს ყორღანში (ძვ. წ. 24-22 საუკუნით დათარიღებული), რომელიც უსახელო ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით,ნადარბაზევთან მდებარეობს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭრაბა. ეს იყო აგურის ფორმის ნაჭერი, რომელიც არქელოგებს თავიდან ხე ეგონათ („ხის ფიცრის მოზრდილ ნატეხი“) და ღია ფერის სამკუთხა საგანი, რომელიც ჩათვალეს, რომ ქვა იყო („ქვიშაქვის მოგრძო საგანი“).

თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, არქეოლოგებს ისევ დასჭირდათ პალინოლოგის დახმარება და მათ ელისო ყვავაძეს სთხოვეს ორივე საგანი შეემოწმებინა.

რაც ხე ეგონათ - აგურის ფორმის განამარხებული პური აღმოჩნდა. და ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფორმამიცემული პური, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა.

რაც ქვა ეგონათ, ის კი - არც მეტი, არც ნაკლები, თაფლიანი ორცხობილაა. მასში ელისომ იპოვა ფუტკრის ბუსუსებიც, ცაცხვიც, ხორბლის მტვრის მარცვლები, თხილი და პიტნა.

ეს იყო უძველესი ადამიანის მიერ, თაფლით გამომცხვარი, ტკბილი ორცხობილა.