მდინარაძე: არჩევნები მოქმედი მოდელით ჩატარდება, თუ ოპოზიცია თვის ბოლომდე არ დაუბრუნდება დიალოგს

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების ბოლო ვადას შეახსენებს და ამბობს, რომ თუ ოპოზიცია თებერვლის ბოლომდე არ დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას, შეუძლებელი გახდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება:

„მათი ლუსტრაცია მოხდება, თუ პასუხი არ იქნება, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი, დასავლელი, ზოგადად პარტნიორები.

და ეს ეგრეთ წოდებული დედლაინი, ბოლო დრო გამოწვეულია იმით, რომ მერე შეუძლებელია საარჩევნო სისტემის ცვლილება, შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებები და, აქედან გამომდინარე, მათ მაქსიმუმ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას“, - უთხრა მედიას მამუკა მდინარაძემ. მისი შეფასებით, ოპოზიციას საარჩევნო ცვლილებები არ აინტერესებს და რევოლუციური სცენარი აქვს, რასაც ვერ განახორციელებს.

„ჩვენი წინადადება მათ იციან, ეს არის 100/50 ზე და ბევრად სჯობია 77/ 73-ს პროპორციულობის თვალსაზრისით, თორე ცალკე აღებული ესეც ლეგიტიმურია და სულ ასე ტარდებოდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, თუ შეთანხმება ვერ მოხდება, არჩევნები 77/73-ზე მოდელით ჩატარდება და, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც პარტიას არაფერში სჭირდება.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.