აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას

საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კიბერშეტევას, რომელიც რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის განცდის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აშშ-ის სახელით პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში.

„კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“- ნათქვამია განცხადებაში.

"ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ რუსეთის კიბერშეტევის დაგმობაში; რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი ქცევა საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ადგილას" წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), ათასობით საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 28 ოქტომბერს კიბერშეტევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიისა და სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებსა და სერვერებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.