საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კობერიძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადებები და რიტორიკა პატიმრობამდე მეხსიერების გაგრძელებას ჰგავს. კობერიძის თქმით, მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აგრძელებს საუბარს და სავარაუდოდ, ამ რიტორიკით აპირებს პოლიტიკაში შესვლას.
„პოლიტიკური განცხადებები მისი მხრიდან მოვისმინე, ეხლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" ვანო მერაბიშვილს, საით გაუწევს უფრო გული. ეს უკვე მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ, არცთუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის“, - უთხრა პარლამენტში, ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ.
დეპუტატის შეფასებით, ადამიანებს, რომლებსაც დანაშაული მიუძღვით სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინაშე, შეუძლებელია პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეთ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, 20 თებერვალს დატოვა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.
მერაბიშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება.