პაკოს გზა: ვარ, მერე?

ფონდ „ინკლუზივში“ პრესკონფერენციაზე წავედი. 2000-იანების დასაწყისი იყო. დღემდე რომ პეროვსკაიას ვუწოდებთ, ისე კი ახვლედიანის ქუჩაა, ოფისი მანდ ჰქონდათ. აღარ მახსოვს, ქვიარ თემაზე პირველი ჟურნალის პრეზენტაცია იყო თუ რას ეხებოდა ის პრესკონფერენცია, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს, პაატა საბელაშვილი (პაკო), რომელიც ლაპარაკობდა ისეთ რამეებზე, რაც მანამდე სხვისგან არც მსმენოდა და ფაქტობრივად, არც მედია წერდა ასეთ რამეებზე. პაკო იყო პირველი ღიად გეი აქტივისტი, რომელიც გავიცანი. თითქმის 20 წელი გავიდა და პაატა საბელაშვილი ისევ რაღაც ახალ ეძებს. რამე ისეთს, რაც სხვას აქამდე არ გაუკეთებია.

„გაბაზრებული“ - ქამინგ აუთის ძველი შესატყვისი

არა, არ გეგონოს, რომ ოდესმე მასკულინური სწრაფვა მქონია პირველობისაკენ. პირიქით. უბრალოდ, ვცდილობდი, იგივე საქმე არ მეკეთებინა, რასაც სხვაც აკეთებდა.

რთული იყო თუ არა ხმამაღლა ლაპარაკი? და საერთოდ მოქმედება? ერთ მშვენიერ დღეს კი, ქუჩაში საჯაროდ მოტრიალება და დაწეულ სიტყვებზე: „პ.... ხარ?“ (პაკოს არ უყვარს ეს სიტყვა, პ-ზე რომ იწყება და არც ხმამაღლა იტყვის) პასუხი - დიახ, ვარ, მერე?

არაფერი იყო მარტივი.

ამ პასუხის შემდეგ ქუჩაში შექუჩებულ ტიპებს თვალებში სისტემური შეცდომა („ერორი“) ენთებოდათ და როგორც პაკო ამბობს, აღარც იცოდნენ რა უნდა ეთქვათ - გაგრძელება უკვე ნათქვამ ფრაზას აღარ მოჰყვებოდა.

მე სულ მიკვირს, როცა მეკითხებიან, იყო თუ არა რთული ბრძოლის დაწყება? რა შეიძლება ყოფილიყო იმაზე უარესი, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით?

Your browser doesn’t support HTML5

პაატა საბელაშვილი ქვიარ აქტივიზმის დასაწყისზე, სირთულეებზე, ჰომოფობიაზე, არჩეულ გზასა და ოჯახის თანადგომაზე

რაღაცას გაჩვენებ - პაკო ტელეფონში შენახულ ფოტოებში იქექება - ნახე. სქრინია ძველი საბჭოთა ენციკლოპედიიდან: ამასწინათ ვნახე და გადავუღე. „ჰომოსექსუალიზმის განმარტება“ - რომ ეს არის (რუსულად კითხულობს) დამახინჯებული სექსუალური ურთიერთობა შენივე სქესის ადამიანთან და რომელი ურთიერთობაც საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ბლა. ბლა. ბლა.

მე ამ განმარტებით მაშინ გავიგე, რომ არა მხოლოდ გარყვნილი ვიყავი, არამედ ფსიქიკურად შეშლილი და კრიმინალიც. აი, ამაში ცხოვრება იყო უფრო რთული, ვიდრე ამაზე ხმამაღლა ალაპარაკება.

ასე თქვა პირველად, რომ სხვების თვალის ასახვევად ცოლს არ მოიყვანდა. ფსევდო ოჯახის ყოლას არ აპირებდა და ამას, პირველ რიგში, საკუთარ პარტნიორებს ეუბნებოდა.

გაგიჟდი? სად გაიზარდე. წესი ეგრეა. სხვანაირად ვერ იქნები - პასუხობდნენ.

ასე გამოვიდა - მე ვიყავი, მგონი, პირველი, ვინც დედასთან თავისი ნებით ( და არა შემთხვევით და სხვისი ჩარევით და როგორც ხდება ხოლმე) გავაკეთე ქამინგ აუთი.

საქართველოში ქვიარ სცენაზე ყველაფერი მაშინ იწყებოდა - ქამინგ აუთი საამაყო თემა სულაც არ იყო. ამას ეძახდნენ „გაბაზრებას“. გაბაზრებული ხარ? ასე გეკითხებოდნენ. პაკოს მეგობრებიც კი ეუბნებოდნენ, დედა როგორ გაიმეტე, დედას რატომ უთხარი.

ანუ ჯობდა საკუთარი დედა მთელი ცხოვრება ტყუილში მეცხოვრებინა? მაგრამ მაშინ, ყველაფერი, რაც დღეს უკვე არასწორია, სწორი იყო.

დედის მომენტი

მე მას მკაფიოდ გავაგებინე, რომ გეი ვიყავი. და კითხვა, ცოლი როდის მოგყავს? აღარასოდეს დაუსვამს.

ჩემი შვილი გეია - ამის ცოდნა კი ნიშნავს, რომ დედა იწყებს შვილის ცხოვრებით ცხოვრებას. სტიგმა გადამდებია. ყველაფერი, რაც ეხებოდა პაატას, ქამინგ აუთის დღიდან, ეხებოდა დედასაც. მაშინ ძალიან ბევრი კითხვა ვერ დაისვა. ვერც ის, რას გრძნობდა თავად პაკო. ეს დახურული თემა იყო, იმიტომ რომ... რას იფიქრებენ მეზობლები და თანამშრომლები და რას იფიქრებს ყველა.

Your browser doesn’t support HTML5

პაატა საბელაშვილი ქამინგაუტის შესახებ

პაკო მაშინ 22 წლის იყო და თან, ისეთი შეყვარებული, ისეთი, რომ ეგონა, დედა ყველაფერს გაუგებდა. უცხოეთიდან ახალი დაბრუნებული იყო, თან მეორე სამაგისტროზე მუშაობდა. იმ სიყვარულის გამო, ისე მოხდა, რომ მაშინ საკმაოდ შემოსავლიან სამსახურს თავი დაანება და პირველად ბოლო წლების განმავლობაში, სახლში დიდხანს ყოფნა მოუწია. დედასთან პირისპირ ამ დოზით დარჩენამ მათი ურთიერთობა დაძაბა.

მივხვდი, რომ ეს დაძაბულობა რაღაც უთქმელიდან მოდიოდა და გადავწყვიტე, ყველაფერი მეთქვა. და როცა მიხვდა, საით მიმყავდა ჩვენი საუბარი, ყველანაირად ცდილობდა არ მეთქვა. მაგრამ მე ვთქვი.

მერე იყო ამ ამბის მიღების და გაგების და შეგუების წლები. ერთი და ორი კი არა. ლამის ოცი.

დედა ყველაფერზე ყაბულს იყო, რაც უნდა მეკეთებინა, ოღონდ საზოგადოებაში ქვიარ აქტივიზმით არ გამოვჩენილიყავი. თითქოს მაშინაც კი უხაროდა, როცა მარიხუანის გულისთვის დამიჭირეს, შემდეგ კი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აქტივიზმში გადავერთე.

ცოტა ხნის წინ ილაპარაკეს. პაატამ უთხრა, დე, აკვირდები როგორ წავიდა ჩემი ცხოვრება?

ისეთი რომ მივეღე, როგორიც ვიყავი, ალბათ, არც აქტივიზმში ვიქნებოდი. რადგან მან ვერ მიმიღო ამ სტიგმების გამო, რაც ჩემთან ასოცირდებოდა, ვცდილობდი, საზოგადოების დამოკიდებულება ყველა იმ თემასთან, რაც მისთვის სასირცხვილო იყო, ისე შეცვლილიყო, რომ დედას აღარ შერცხვენოდა. ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებდი და სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი. ძალიან განიცადა, მაგრამ ასე იყო. სიმართლე ეს იყო. მისი დამოკიდებულებაც ამის შემდეგ შეიცვალა.

აბსოლუტურ სიმარტოვეში

და სიმართლე იყო ისიც, რომ პაკოს ყოველთვის ბიჭები მოსწონდა. ბავშვური თამაშების დროსაც, როცა გოგოები ცალკე თამაშობდნენ და ბიჭები ცალკე და მერეც, როცა ასეთი თამაშები შეწყდა.

უფრო სწორედ კი, იმ ბიჭებმა შეწყვიტეს ასეთი „თამაშები“ - ერთი და იმავე სქესის ბავშვებს შორის თამაშის დროს ხშირია ხოლმე გარკვეული სექსუალური ხასიათის პრაქტიკა. მაგრამ როცა სხვებმა ამაზე უარი თქვეს, მივხვდი, რომ მე არ მინდოდა ეს დამთავრებულიყო. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ცუდი ყოფილიყო ის, რასაც გულით ვგრძნობდი? როგორ შეიძლებოდა ამას ვინმესთვის ბოროტება მოეტანა? ასე ვიყავი დიდხანს, აბსოლუტურ სიმარტოვეში.

სექსუალური პარტნიორები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ ეს ურთიერთობა არასწორი იყო, უნდა დაემალა. ეს რომ გაიგონ, მოგვკლავენ, ამბობდნენ ჩურჩულით. გოგო შეყვარებულებიც ჰყავდა და მეტიც, თავისი ასაკის ბიჭებს შორის, „ქალთან ყოფნის“ გამოცდილების მხრივაც პირველი იყო - ასე თითქოს მთელ საზოგადოებას უდასტურებდა, მეც მანდ ვარ, თქვენთან ვარ, მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება!

დრო გავიდა და მე უკვე ვიცოდი, რომ საქართველოში პატრიარქალურმა საზოგადოებამ აიღო ქალის სხეული, რომელიც ისედაც არის ჩაგვრის ობიექტი და ჩემს გასაუპატიურებლად გამოიყენა. იმიტომ, რომ სექსი ჩემი ნების წინააღმდეგ - გაუპატიურებაა. სწორედ მაშინ გამიჩნდა პირველად ემპათია ქალების მიმართ.

მაგრამ ეს ცოტა მერე გააცნობიერა.

მანამდე იდენტობის ძებნის პერიოდია. ამ დროს შენთან მოდიან მეგობრები, რომლებიც სიამოვნებით გიყვებიან თავიანთი შეყვარებულების ამბებს, აღტაცებით და აღმაფრენით გიზიარებენ, შენც გინდა რაღაც თქვა და ვერ. შენ - უნდა მიგეჩქმალა. უკვე მაშინ მიხვდა და გადაწყვიტა პაატამ, რომ თუ ის იცხოვრებდა იმ თამაშის წესებით, რომელიც მისი დაწერილი არ იყო, წააგებდა. ასე ნელ-ნელა ჩაცმაც პროტესტის ნაწილი გახდა. და ის პირველი ხმამაღალი პასუხიც ქუჩაში, დიახ, ვარ! ვარ! ვარ! მერე?

და ამას ამბობდა, ყოფილი პრივილეგირებული ბავშვი:

საქართველოში ქართველი, მამაკაცი, თბილისელი, ვერელი, კარგი ოჯახისშვილი... სანამ ყველაფერი დაინგრეოდა, ასე იყო. შოვინისტიც ვიყავი, ნაციონალისტიც, მოკლედ, საშუალო სტატისტიკური ოღრაში ბიჭი. ჩემი სექსუალური იდენტობის გაცნობირებამ კი ყველაფერი ამოატრიალა. სულ სხვა თვალით შევხედე ეთნიკური უმცირესობების, სხვა უმცირესობაში მყოფი ადამიანების ცხოვრებას. აჰა. ესე იგი, თუ მე მაქვს არსებობის უფლება, ეს უფლება აქვს აბსოლუტურად ყველას. თანასოწორბის არსსაც მაშინ მივხვდი. და მადლობელი ვარ, რომ გეი ვარ. მე რომ გეი არ ვყოფილიყავი, შეიძლება დამჭირვებოდა გოგოს დაჩაგვრა ჩემი მამაკაცური თვითდამკვიდრებისთვის. მე მომიწევდა შინაური ცხოველივით მისი გასეირნება ქუჩაში, მზესუმზირის ჭამით, იღლიაში ამოდებული გოგოთი. ის ბიჭებიც, რომლებიც ამას აკეთებდნენ, მათაც უნდა იცოდნენ, რომ ისინიც არიან ამ პატრიარქალური საზოგადოების მსხვერპლები.

შარშან ზაფხულში გატყდა ყინული. თბილისი პრაიდი იგეგმებოდა. პაატა საბელაშვილი ამ დროს ჯერ კიდევ ტალინში ცხოვრობდა და მუშაობდა, მაგრამ არ ასვენებდა ფიქრი, როგორ შეიძლებოდა თბილისში პირველ პრაიდს გამოჰკლებოდა.

და ჩემს თავზე არ ამეღო იმ სტრესის და ზეწოლის გარკვეული წილი, რაც პრაიდის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ელოდათ. არ მასვენებდა აზრი, რომ მათთვის მოღერებული ქვების თუ მუშტების ნაწილი მეც არ მომხვედროდა.

რიგის გავლით მოდიოდა თბილისში. დედას სწორედ იქიდან დაურეკა, რომ დიდხანს არ ენერვიულა და უთხრა, ჩამოვდივარო. პრაიდის წინა დღეს ორგანიზატორებთან შეხვედრაზე რომ მიდიოდა, დედამ კანფეტების ყუთი გაუწოდა.

ეს შენს მეგობრებს წაუღე. და თუ ტელევიზიაში წახვალ, წესიერად ჩაიცვი, უთხრა.

ვიგრძენი, დედა უკვე ამაყობდა ჩემით. და ეს არის ყველაზე, ყველაზე მთავარი. ურთულესია დაუპირისპირდე ბოროტების სისტემას, პოლიციას და ა.შ. თუმცა მაინც არაფრის გეშინია, უბრალოდ, გინდა, რომ შენი მშობელი გედგეს გვერდით იდეურად. ის გეგულებოდეს. თუ ეს გაქვს, უშიშარი ხარ.

აქ ცოტა ხნით კამერა გამოვრთეთ.

სხვების გზიდან გადახვევა

დედამ უკვე იცოდა. და ქუჩაშიც პასუხი ყველას გასცა. მაგრამ როგორ უნდა დაეწყო რაღაც უფრო მეტი, მოძრაობა, რომელიც გადაიზრდებოდა აქტივიზმში, აქტივიზმი კი პროტესტში?

იყო ერთი ბარი, სადაც თემის წევრები დადიოდნენ. ფრთხილად, ლამის თვალახვეულები, თუ მეორე დღეს შეხვდებოდნენ, ერთმანეთი რომ არ უნდა შეემჩნიათ. თითქოს საკუთარ თავსაც არ უტყდებოდნენ. იქ - ცეკვავდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

პაატა საბელაშვილი თანასწორობის არსზე

წარმოიდგინე, ტაქსიში ზიხარ რამდენიმე მეგობართან ერთად, სადღაც მიდიხართ და ის მომენტი დგება, როცა უნდა გაირკვეს, ვინ გადაიხდის ფულს. მე ყოველთვის მერჩივნა, ვიდრე ამას სხვა იტყოდა, მე შემეთავაზებინა გადახდა. სხვა რამეშიც ასე ვარ - მირჩევნია მე გავაკეთო, ვიდრე დაველოდო. აქაც ასე მოხდა.

პირველი წვეულება პაკომ გააკეთა და „Time Out Party” დაარქვა. იდეაც ეს იყო - გამოჩენის დრო დადგა. უფასო ბილეთები დაბეჭდეს, ცისარტყელის დროშებით. ყველას, ვისაც ამ ბილეთს აძლევდა, გარკვევით ეუბნებოდა, რომ ეს იყო „The gay party“.

იმ პირველ „ფართიზე“ 69 ადამიანი მივიდა.

იგივე ხალხი დადიოდა მოგვიანებით შეხვედრებზე, რომელსაც ფონდი „ინკლუზივი“ მართავდა.

ქვიარ აქტივიზმი ძალას იკრეფდა.

ბრძოლა ცეკვით

და ასე, ნელ-ნელა, პაკოს თითოეული „გარეთ გასვლა“, კლუბში თუ სხვა ადგილას, აქტივიზმის აქტად იქცეოდა. 2000 წელი იყო, როცა პირველად, საჯაროდ, სცენაზე მამაკაცს აკოცა.

მე მინდოდა, რომ იქაც და ყველგან, სადაც მომინდებოდა, ჩემი თავი ვყოფილიყავი და ვიცოდი ისიც, რომ ამაში რაღაც ფასი უნდა გადამეხადა.

მერე დააკვირდა, რომ საცეკვაო მოდანზე სულ ის ხალხი იკრიბებოდა, ვინც რაღაც ტკივილს დაატარებდა, სხვადასხვანაირ უსამართლობას გაურბოდა. მათ შორის იყვნენ ჰეტეროსექსუალი ადამიანებიც. ამ ხალხს მუსიკა და ცეკვა აერთიანებდა. პაკო მიხვდა, რომ ამ ენერგიის ტყუილად დახარჯვა არ ღირდა.

ზუსტად მაგიტომ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, რომ ხალხი საცეკვაო მოდანზე გაგვეძლიერებინა, იქ გადაგვეტანა აქტივიზმი. მათ იქ ერთმანეთისთვის უნდა გაეგო და ეთქვა - ყველა ყველასთვის. მე შენ დაგიცავ. ასეც მოხდა. რეპრესიისგან წამოსული ძალა ჩვენ „დენს ფლორზე“ თავისუფლების ძალად გადავაქციეთ და ეს დღეს უკვე დიდი ძალაა.

მე აქ ვარ. არსად წავსულვარ

პაკო ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თბილისში.

ისევ რაღაც ახლის ძებნაშია. რამე ისეთის, რისი გაკეთების მერეც, როგორც ამბობს, სხვას გული არ დასწყდება, მაგრამ თან ისეთი რამის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

თუ ამ სიტყვებს რომელიმე მჩაგვრელი წაიკითხავს, მათ მინდა ვუთხრა, რომ მე არსად წავსულვარ. ყოველთვის ახლოს ვიქნები. სულ ცენტრში ყოფნა არც არის აუცილებელი.

ამის მჯერა, რომ

ჩემი სახელმწიფოს თვალში მე ძალიან მჭირდება ჩემი მოქალაქეების მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჩემმა სახელმწიფომ ჩემდამი დამოკიდებულება მათი შიშებით ვერ გაამართლოს.

ჩემი თანამემამულეებისგან კი მჭირდება იმის თქმა სახელმწიფოსადმი, რომ შენ რაც უნდა ჰომოფობიური განცხადებებით გამოხვიდე, მხოლოდ მაგის გამო მე ხმას არ მოგცემ.

Your browser doesn’t support HTML5

პაატა საბელაშვილი სახელმწიფოსა და ხალხზე

საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ სანამ მას თავად ექნება შიში და ზიზღი ისეთი თემების მიმართ, რა შინაარსის ფარულ ჩანაწერებსაც ავრცელებენ, სახელმწიფო სულ ისარგებლებს ამით. სულ შეგვაშინებს.

მთავრობა ყოველთვის გააკეთებს ზუსტად იმას, რის უფლებასაც ჩვენ მივცემთ მას.

მაგრამ მე უფრო კარგი შთაბეჭდილება მაქვს საზოგადოებაზე, ვიდრე იმ ჰომოფობ პოლიტიკოსებს, ვისაც თავის ჰომოფობიაზე კაპიტალიზაცია სწადია.

და მჯერა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ გაგვიგებს, თუ ჩვენ მას დაველაპარაკებით.