თემურ აბაზოვი: სამართალმა იზეიმა - დამტკიცდა, რომ უდანაშაულო ვარ

2018 წელს პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა მოქალაქეს სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო Facebook Live-ში, მოეხადა ბოდიში, შეეგინებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

2020 წელის 12 თებერვალს რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კვოტით არჩეული მარნეულის ყოფილი მერი გაამართლა. “სამართალმა იზეიმა” - ამბობს აბაზოვი. ბრალდების მხარე საქმის გასაჩივრებას აპირებს.

მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში მერის შესაძლო მონაწილეობაზე ინფორმაცია თავდაპირველად “სტუდია მონიტორმა”​ გაავრცელა. სიუჟეტი ასეთი წარდგენით გავრცელდა: “მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს”.

“ან დადგმული იყო, ან ვიღაცა იდგა უკან და გამოიყენა ის ჩემს წინააღმდეგ, ვერ ვიტყვი… როგორც თავიდანვე ვამბობდით, იყო დაინტერესებული და ასეთი უღირსი საქციელი ჩაიდინა”, - ეუბნება თემურ აბაზოვი რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: “დადის და საუბრობს მეგობრებში და მეზობლებში, რომ ამის გამკეთებელი არ ვიყავი, რატომ უნდა გამეკეთებინაო, ეს ლუდი იყოო. თემურ აბაზოვის ცუდ დღეში ჩაგდება მინდოდა და ამიტომ გავაკეთეო.”

აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბრალდების მხარეს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გააჩნდა, სხვა მტკიცებულებები კი საქმეში არ ყოფილა.

“დაზარალებული ექსპერტს განუმარტავდა, რომ მას სახე არ დაუბანია, შესაბამისად შარდი უნდა ყოფილიყო სახეზე. ტანსაცმელი არ გამოუცვლია, შესაბამისად, დიდი ალბათობით ტანსაცმელზეც შეიძლებოდა კვალი დარჩენილიყო. რაც მთავარია ის ამბობდა, რომ აბაზოვმა მიაწოდა ჭიქა, რომელშიც მას უნდა მოეშარდა. ექსპერტიზის შედეგად, არც სახეზე, არც ტანსაცმელზე, არც ჭიქაზე, არ აღმოჩნდა აბაზოვის ანაბეჭდები”, - ამბობს მოსიაშვილი და განაგრძობს: “გამოიკვეთა ის ფაქტიც, რომ იგი განაწყენებული იყო თემურზე, რადგან მან სამსახური არ მისცა. ეს წყენა, არამარტო თავად მან, სხვა მოწმეთა ჩვენებებით აშკარა გახდა.”

დაზარალებულის უფლებადამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ჭიქაზე ანაბეჭდების კვალი იმიტომ არ არის, რომ ანაბეჭდები დასადასტურებლად უვარგისი იყო, მაგრამ ექსპერტიზით, ჭიქაში ნამდვილად იყო შარდი და იგი დაზარალებულს ეკუთვნოდა.

საიას მტკიცებით ექსპერტიზების, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლოს ჰქონდა საკმარისი საფუძველი, რომ თემურ აბაზოვი გაემტყუნებინა, მაგრამ სასამართლო პროცესის ბოლო ეტაპზე, პროკურატურამ დაუსაბუთებლად, საეჭვოდ შეუმცირა ბრალდება თემურ აბაზოვს, როცა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენება-გავრცელების მუხლი მოხსნა:

“როგორც ჩანს მიდიოდა მოლაპარაკებები სხვადასხვა სტრუქტურებში და, ალბათ, ყველაზე ადრე პროკურატურასთან, რომ მას შეემცირებინა ბრალი, რამაც გავლენა მოახდინა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.”

თემურ აბაზოვი და მისი ადვოკატი “შელახული რეპუტაციის” აღსადგენად სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. რადიო თავისუფლებას აბაზოვი ეუბნება, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ჯერ არ უფიქრია.

საგამოძიებო სიუჟეტის ავტორი, გამომძიებელი ჟურნალისტი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი გიორგი მგელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ამბავში თემურ აბაზოვის მონაწილეობას, სულ მცირე, სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო უდასტურებდა. მგელაძე იხსენებს, რომ ერთი წყარო პირადად ინცობდა მერს და ამბობდა, რომ ხმაც კი ეცნო ის პეციფიკური აქცენტის გამო.

“ჩემი შინაგანი რწმენით, ჟურნალისტური სტანდარტების გათვალისწინებით, მაშინაც და დღესაც მჯერა, რომ ამ დაზარალებულს მართლა შეულახეს ღირსება. ამიტომ მგონია, რომ თუ პროკურატურა კვალიფიციურად, მიუკერძოებლად, მონდომებით მიუდგებოდა, აუცილებლად შეეძლო იმდენი მტკიცებულების შეგროვება, რომ ეს ადამიანი ასე გამართლებული არ გამოსულიყო ამ ამბიდან. როცა ვიგებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ არც ერთი პირის დანაშაულებრივი ქმედება არ გამოვლინდა, მგონია რომ ეს მეტყველებს პროკურატურის არაპროფესიონალიზმზე, ან მიკერძოებულობაზე. მე პირადად არც ერთს არ გამოვრიცხავ”.

სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ აქვთ. ბრალდების მხარე, საქართველოს პროკურატურა მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, საქმეს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.