ქვიარ თემისგან საფოსტო ბარათი მოგივათ. აი, მაგალითად, ასეთი:
მაგრამ ბარათის უკანა მხარეს მილოცვის ტექსტს ვერ იპოვით. ამ სფეროში ჯერ მისალოცი არაფერია. სამაგიეროდ, გაიგებთ რა პრობლემები აწუხებთ ქვიარ ადამიანებს საქართველოში.
მაგალითად, რას ნიშნავს შრომა ჰომოფობიის გარეშე?
ჰომოფობია და დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე დაუშვებელია. ხშირად ფემინურობის, მასკულინობის ან სხვა გენდერული ნიშნების გამო ადამიანები განიცდიან გარიყვას და ბულინგს სამუშაო ადგილებზე. იძულებითი ქამინგ აუთი და ადამიანის შესახებ სხვა პირადი ცნობების გავრცელება ისჯება კანონით.
ქვიარ ასოციაცია „თემიდამ“ ასე გადაწყვიტა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწვდინა ხმა და მათ ყურამდე მიეტანა, თუ რა სირთულის წინაშე დგებიან ლგბტქ ადამიანები ყოველდღიურად.
ყველა მოქალაქეს იცავს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. არადისკრიმინაციული სერვისი, მომსახურება და დასაქმება ტრანსგენდერ ქალებს!
პროექტის ავტორი ქვიარ აქტივისტი ბექა გაბადაძეა. ილუსტრაციებზე დათო სიმონიამ იმუშავა.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველას! პაციენტის უფლებები, კონფიდენციალურობა და ეთიკური მიდგომები ჯანდაცვაში მნიშვნელოვანია. ექიმი და მედდა მკურნალობს, ზრუნავს და თანაუგრძნობს ადამიანს განურჩევლად მისი სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.
როგორც ბექა გაბადაძე გვეუქნება, ეს საფოსტო ბარათები შეტყობინებებია სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციელებისათვის, სამოქალაქო და სამთავრობო ორგანიზაციებისათვის.
საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. უამრავი ქვიარ ახალგაზრდისთვის დიდ ქალაქებში მიგრაცია ჰომოფობიური გარემოსგან თავის დაღწევის საშუალებაა. ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი საბინაო პოლიტიკა,რომელიც ხელმისაწვდომს გახდიდა საცხოვრებელს. ოჯახისგან უარყოფილი ტრანსგენდერი ადამიანები ხშირად თავშესაფრის გარეშე რჩებიან. შესაბამისი სახელმწიფო თავშესაფრები და მხარდამჭერი სერვისები არ არსებობს.
ადრესატები ამ ბარათებიდან შეიტყობენ, თუ რა გამოწვევები აქვს ქვიარ თემს მათთან ურთიერთობისას და როგორ ხედავენ თემის წევრები თანასწორ გარემოს.
„ამ ბარათებში ვსაუბრობთ საცხოვრის უფლებაზე, რომელიც აწუხებს არაურბანიზებული ადგილებიდან ჰომოფობიას გაქცეული ქვიარებისაც და ნებისმიერი ახალგაზრდას, რომელიც უსახლკარობის საფრთხის წინ დგას. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც, სინამდვილეში, ბევრი მოქალაქისთვის საკუთარი უფლებების აღდგენის და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმია. ბარათები მოგიყვებათ მძიმე სამუშაო პირობებზე, მწვანე პოლიტიკაზე, სექსუალობაზე განათლების უფლებაზე, გარიყვასა და მისი დაძლევის აუცილებლობაზე“, - უთხრა ბექა გაბადაძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოში ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ სექსუალობის შესახებ კომპლექსურ განათლებაზე. უნივერსიტეტების სასწავლო მასალები სიძულვილის ენას, ჰომოფობიურ და სექსისტურ ტექსტებს შეიცავს. შენ გაქვს უფლება მიიღო მეცნიერული ცოდნა სხეულის, სქესის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის შესახებ!
უნიქორნი ინტერსექსუალობის სპექტრის სიმბოლოა. ინტერსექსი ადამიანები იბადებიან ქრომოსომებით, ჰორმონებით, გენიტალიებით და სხვა სქესის მახასიათებლებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულ მდედრობით და მამრობით სქესის მახასიატებლებში არ ჯდება. მშობლები ან სამეცინო პერსონალი ხშირად ადრეულ ასაკში უხეშად ერევა ინტერსექსი ადამიანების სქესის განსაზღვრაში და მათ ორობით სისტემაში მოქცევას ცდილობს. ინტერსექსი ადამიანები საჭიროებენ ხილვადობას!
არასტაბილური, დაბალანაზღაურებადი, უკონტრაქტო სამსახურები ქვიარ ახალგაზრდების ყოველდღიურობაა. აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომასთან ერთად, არასოდეს იცი, როდის გაგიშვებენ სამსახურიდან. მძიმე სამუშაო პირობების გამო ჯანმრთელობის პრობლემებია. მოითხოვე კონტრაქტი და ღირსეული, უსაფრთხო შრომის პირობები!
მსოფლიო რესურსების უმოწყალო მოხმარება, ქალაქის ბეტონიზაცია, ჯენტრიფიკაცია, ჰაერის მასიური დაბინძურება - ამ გარემოში ცხოვრება სტრესული და სიცოცხლის\თვის საშიში ხდება. ქვიარები ვერთიანდებით მწვანე ალტერნატივის, რესურსების პასუხისმგებლიანი მოხმარების, ტყეებისა და პარკების გაშენების, საჯარო მწვანე ტრანსპორტის, ქალაქის მწვანე დაგეგმარების, სათბური გაზების შემცირების მოთხოვნით.
ბარათები მიუვა ყველას, ვისაც სჯერა თანასწორობის იდეის.
მათ თავად ქვიარ ადამიანებსაც, რომ არასოდეს შეწყვიტონ ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის.