ოპოზიციონერი ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა პოლიტიკური დევნის მსხვერპლია - საქართველოს ხელისუფლებას დევნაში პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ადანაშაულებს . ისინი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ უგულავას, რომელიც დამნაშავედ სცნეს 2012 წელს საბიუჯეტო 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წელზე მეტით დააპატიმრეს. ხელისუფლება უგულავას დაპატიმრებაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.
“უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი არ ჰყოლია, როდესაც ისიც მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი, რაზეც დღეს ედავებიან”, - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და განაგრძობს: “მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და, იმის მიუხედავად, დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი, რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში.”
რას ნიშნავს “პოლიტიკური პატიმარი”
პოლიტიკური პატიმრის სტატუსი უფრო მეტად პოლიტიკური ტერმინია, ვიდრე - სამართლებრივი. პოლიტიკური პატიმრის უნივერსალური განსაზღვრება არ არსებობს, ის არც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობითაა განმარტებული.
პოლიტიკურ პატიმრად ფასდება ადამიანი, რომელიც დააპატიმრეს მისი პოლიტიკური აქტივობის, ხელისუფლების კრიტიკის გამო - აუცილებელი არაა ის იყოს პოლიტიკოსი ან უდანაშაულო.
ყველაზე ავტორიტეტული და ხშირად გამოყენებადი კრიტერიუმები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შექმნილია. ამ კრიტერიუმებით, თავისუფლებააღკვეთილი ადამიანი შეიძლება შეფასდეს პოლიტპატიმრად თუ:
- დაკავებით დაირღვა აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;
- დააკავეს წმინდად პოლიტიკური მიზეზებით, ყოველგვარ დანაშაულთან კავშირის გარეშე;
- პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები ცალსახად შეუსაბამოა კანონდარღვევასთან, რაშიც პირი დამნაშავედაა ცნობილი, ან რაშიც ბრალი ედება;
- პოლიტიკური მოტივის გამო, ადამიანს, სხვებისგან განსხვავებით, დისკრიმინაციულად აკავებენ;
- თუ დაკავება შედეგია ცალსახად უსამართლო პროცედურებისა, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთანაა დაკავშირებული.
Amnesty International, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ტერმინით “პოლიტიკური პატიმარი” ახასიათებს პატიმრების კატეგორიას, რომელთა მიმართ სამართლიან და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. საქმეში, ასევე, უნდა იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ელემენტი -პატიმრის ქმედების მოტივში, თავად ქმედებაში, ან ხელისუფლების მოტივაციაში.
“ჩვენს კონტექსტში ყველაზე მეტად რელევანტური შერჩევითობის ნაწილია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი გურო იმნაძე და განაგრძობს: “როგორც წესი, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, გამოიყენება ისეთი გავრცელებული დანაშაულები, როგორიცაა ნარკოტიკული ან იარაღთან დაკავშირებული დანაშაულები, ე.წ. ჩადება და ამით პოლიტიკურად აქტიური ადამიანების მიმართ საქმეების აღძვრა.”
იმნაძე განმარტავს, რომ ხელისუფლებების მიერ ადამიანს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ენიჭება, როცა ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკური, სახელისუფლებო ცვლილებები ხდება.
ვინ “ანიჭებს” პოლიტპატიმრის სტატუსს
ასეთი რამ მოხდა 2012 წელს საქართველოში, როცა ხელისუფლებაში ახალმოსულმა “ქართულმა ოცნებამ” პოლიტპატიმრად ცნო 190 ადამიანი.
“ეს დადგენილება იყო ცალსახად პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტი. რაიმე სამართლებრივი დატვირთვა არ ჰქონია ამ დოკუმენტს”, - ამბობს გურო იმნაძე და განმარტავს, რომ შემდეგ პარლამენტმა გამოსცა ამნისტიის კანონი - სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი - და ამით გაათავისუფლეს ისინი, ვისაც მანამდე მიანიჭეს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი.
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტერმინს ნაკლები მნიშვნელობა აქვს:
“პოლიტიკური დევნა როდესაც ხორციელდება, ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად.”
ვინ მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრად დღეს
12 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრება ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. მათი განცხადებით, უგულავას წინააღმდეგ საქმე საქმე მნიშვნელოვანი დარღვევით წარიმართა, რამაც წარმოშვა პოლიტიკური მოტივაციის საფუძვლიანი ეჭვი:
“ [გამოძიების] ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორება წარმოადგენდა”, - წერენ NGO-ები ერთობლივ განცხადებაში და განაგრძობენ: “იმ ფონზე, როდესაც გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო პარალელურად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიური პარტიის ლიდერის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება.”
გიგი უგულავას დაკავებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება “შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად”.
რამდენიმე ადამიანს მოიაზრებს პოლიტიკურ პატიმრად უჩა ნანუაშვილი და ამბობს: “ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით 20 ივნისის მოვლენების შემდგომ იყვნენ დაკავებულნი. ასეთი არაერთი ადამიანია ქვეყანაში. ესენი არიან რიგითი ადამიანებიც და საუბარია რამდენიმე პოლიტიკოსზეც, მათ შორის, ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ოპოზიციონერ ლიდერზე ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელიც 20 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.”
“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობას უარყოფენ.
“ჩვენ სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიმართ უნდა იყოს გარკვეული პრეტენზიები ეს პრეტენზიები განიხილება ხოლმე ევროპაში, სტრასბურგში და არა საქართველოში“, - თქვა მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით.