სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორასამდე ბენეფიციარს ორი უფასო სასადილო ემსახურება - ერთი ქალაქ სიღნაღში და მეორე წნორში. ბენეფიციარები ამბობენ, რომ ბოლო ერთი წელია საკვების ხარისხს აღარ უჩივიან. განსხვავებით 2018 წლისგან, როცა საკვები უხარისხოც იყო და არასაკმარისიც.
სიღნაღში მცხოვრები ოლია ოქრუაშვილი იხსენებს, რომ მზარეულებმა ფაფის მომზადებაც კი არ იცოდნენ. ბენეფიციარებმა მაშინ თვითმმართველობას განცხადებითაც მიმართეს: „ჩვენ ვერ დაველოდებით, ესენი კულინარიას როდის ისწავლიან - პირდაპირ ასე ვწერდით ერთ-ერთ განცხადებაში. ფაფა, ასეთი მარტივი საჭმელიც კი, დანით დასაჭრელი ხდებოდა. ჩვენ განცხადებებზე რეაგირება საერთოდ არ იყო“. კიდევ ერთი ბენეფიციარი ქეთევან ჩერქეზიანი ამბობს, რომ კერძებს მწვანილსაც კი არ უკეთებდნენ და როცა პრეტენზია გამოთქვა, სასადილოს მაშინდელი ხელმძღვანელისგან პასუხად მიიღო: „რაც გვაქვს, ეს გვაქვს, გინდათ იკმარეთ, გინდათ, წადითო“.
ბენეფიციარები რომ რეალობას აღწერდნენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ახლახან გამოქვეყნებულმა ანგარიშმა დაადასტურა: „2018 წელს, სიღნაღსა და წნორში მდებარე ორი უფასო სასადილოს 184 მომხმარებელი უხარისხო და მცირე რაოდენობის საკვებს იღებდა“. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ 2018 წლის განმავლობაში თავად ბენეფიციარები აპროტესტებდნენ უხარისხო და მცირე რაოდენობით საკვებს, მერიას რამდენჯერმე წერილობითაც აცნობეს, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პრობლემა მოეგვარებინათ. დოკუმენტის მიხედვით, მერიას შეეძლო, დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო ტენდერში გამარჯვებულ „ინდმეწარმე ბესიკ დოხნაძესთან“ ხელშეკრულება შეეწყვიტა, დაეჯარიმებინა და ბიუჯეტიდან 117 ათას ლარამდეც არ გადაეხადა, თუმცა, არც ეს გააკეთა.
სიღნაღის მერია ყოველ წელს აცხადებდა ტენდერს, რათა უფასო სასადილოების სამართავად კომპანია გამოევლინა. 2017 წლის მიწურულს ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა „ინდმეწარმე ბესიკ დოხნაძემ“. ტენდერში მეორე საწარმოც მონაწილეობდა, თუმცა, რადგან დოხნაძემ მერიას მომსახურება უფრო ნაკლებ ფასად შესთავაზა, ხელშეკრულება მასთან გაფორმდა. „ინდმეწარმე ბესიკ დოხნაძეს“ დღეს ვერ მივაკვლიეთ, რადგან ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული საკონტაქტო ნომერი მას აღარ ეკუთვნის.
სიღნაღის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიორგი ბაბაკიშვილი ეჭვობს, რომ უფასო სასადილოების მომსახურება კორუფციის ნიშნებს შეიცავდა და საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა შეამოწმეს ეს დაწესებულება და შეადგინეს აქტი, სადაც პრობლემებზე იყო ლაპარაკი. აქტი აქტად დარჩა. იმ დროს არანაირი ზემოქმედება არავის არ განუხორციელებია“.
პრობლემის რეაგირების გარეშე დატოვებას უარყოფენ სიღნაღის მერიაში და აცხადებენ, რომ თანახმა არიან გამოძიება დაიწყოს, თუკი ვინმე თვლის, რომ უფასო სასადილოების მართვაში 2018 წელს გამოვლენილი ხარვეზები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი ირწმუნება, რომ როცა ბენეფიციარები მიმართავდნენ, პრობლემები მეორე დღესვე გვარდებოდა. მისივე თქმით, პრეტენზიები ძირითადად, უკავშირდებოდა საკვების გემოს და ამის გამო, მერიის რეკომენდაციით, მზარეულიც შეიცვალა: „სატენდერო პირობებში ჩვენ არ გვიწერია, რომ, დავუშვათ, მაკარონი არ უნდა იყოს ზედმეტად მოხარშული, ან ზედმეტი ცხიმი არ უნდა ჰქონდეს, ან ნაკლები. იქ იყო რაოდენობაზე და იმ რაოდენობას გვაწვდიდა ყოველთვის. უბრალოდ, პრეტენზია ჰქონდათ სადილის გემოვნებაზე. სოციალური სამსახურის სპეციალისტი ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებდა, თუ რაიმე ბენეფიციარს არ მოსწონდა, აძლევდა გაფრთხილებას და მეორე დღეს ის პრობლემა იყო მოგვარებული. ჩვენ არანაირი დანაშაული არ გვაქვს ჩადენილი. რა სანქციებიც იყო ინფრასტრუქტურულ ნაწილში და სოციალური მიმართულებითაც, ყველა სანქცია მერიას აქვს გატარებული“.
2019 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ უფასო სასადილოების მართვის სისტემა შეცვალა და ამ მიზნით, მერიას დაქვემდებარებული ახალი სტრუქტურა - არასამეწარმეო იურიდიული პირი ჩამოაყალიბა.