რუსეთმა ვეტერანი ოფიციალური პირი, დმიტრი კოზაკი დაასახელა თავის მთავარ წარმომადგენლად მოლაპარაკებებში კიევსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებთან, იტყობინება მოსკოვი იმ მცდელობის ფონზე, დეესკალაცია მოხდეს ხუთწლიან კონფლიქტში, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კოზაკი იქნება ახლა უკრაინის საკითხებში ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი.
61 წლის კოზაკი საბჭოთა უკრაინაში დაიბადა. კოზაკმა კრემლში შეცვალა ვლადისლავ სურკოვი, რომელიც უკრაინის და სხვა საბჭოთა ქვეყნების საკითხებს ზედამხედველობდა 2013 წლიდან. პესკოვს არ დაუზუსტებია, რით დაკავდება სურკოვი, თქვა მხოლოდ, რომ კოზაკი იქნება კრემლის მთავარი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში.
კოზაკი არის ყოფილი ვიცე-პრემიერი და წელს, იანვარში, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნეს. ადრე, 2004 წელს, ის პუტინს კვლავ არჩევის დროს საარჩევნო კამპანიის ზედამხედველი იყო, პასუხისმგებლობა ეკისრა სოჭის ოლიმპიური თამაშების მომზადებისას და მოლდავეთთან ურთიერთობის საქმეში იყო მოსკოვის წარმომადგენელი.
ურთიერთობა უკრაინასა და რუსეთს შორის დაიძაბა, როცა მოსკოვმა ყირიმი დაიკავა, თავის ტერიტორიად გამოაცხადა და დაიწყო სამხედრო დაპირისპირება უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინის არმიასა და მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის, რასაც 2014 წლის შემდეგ 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.