არძინბა არძინბას წინააღმდეგ

ადგურ არძინბა

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 22 მარტისათვის დანიშნული ე.წ. პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნებისათვის ერთ-ერთ ფავორიტად სახელდება საინიციატივო ჯგუფის მიერ წამოყენებული კანდიდატი, სეპარატისტული მთავრობის ახალგაზრდა ვიცე-პრემიერი, 38 წლის ადგურ არძინბა.

ახალგაზრდობის მიუხედავად, გუდაუთელი ადგურ არძინბა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კურირებდა ეკონომიკის საკითხებს, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2019 წლის დეკემბრიდან ვიცე-პრემიერის ტიტულიც დაემატა.

საინტერესოა, რომ ადგურ არძინბას სასწავლო ბიოგრაფიაში რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების გარდა, ფიგურირებს ასევე „ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა“, სადაც, „ეხო კავკაზას“ თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატს 2019 წელს „აუმაღლებია კვალიფიკაცია“.

მიუხედავად ამისა, ადგურ არძინბა კარგად ფლობს აფხაზურ ენას და მან სპეციალურ ლინგვისტურ კომისიას ჩააბარა „გამოცდა აფხაზური ენის ცოდნაში“, რაც აუცილებელია თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის.

ე.წ. განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში დაინიშნა ოპოზიციის ლიდერისა და პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატის, ასლან ბჟანიას, მომხრეების მიერ იანვრის დასაწყისში სოხუმში დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ. 9 იანვარს, საღამოს, შეკრებილთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრა.

არეულობის შედეგად, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, თანამდებობიდან გადადგა.

ამ ფონზე, ასლან ბჟანია, აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკის წარმომადგენელი, 22 მარტის ე.წ. განმეორებით არჩევნებში, შეიძლება ითქვას, ყველაზე რეალური კანდიდატია. ამას ისიც ემატება, რომ ბჟანიას სულ ახლახან სერიოზული მხარდამჭერი გამოუჩნდა მისი ოპონენტის, ადგურ არძინბას კლანის წარმომადგენლის, გავლენიანი პოლიტიკოსის, ინალ არძინბას სახით.

29 წლის ინალ არძინბას, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლისა და პუტინის ყოფილი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, თანამებრძოლს, თავადაც კი შეეძლო ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა, რომ არა მისი ასაკი. იგი მხოლოდ 29 წლისაა. ოკუპირებულ აფხაზეთში კი ე.წ. არჩევნებში პრეზიდენტად შეიძლება აირჩიონ 35-დან 65-წლამდე ასაკის მოქალაქე.

ასევე ნახეთ ცხინვალისა და სოხუმის ახალი მოსკოველი კურატორ(ებ)ი

თუმცა დრო, როგორც იტყვიან, ინალ არძინბაზე მუშაობს. და არც მხოლოდ - დრო. ვლადისლავ სურკოვის თანამებრძოლი, როგორც ირკვევა, ამჟამად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეა.

„ცნობილია, რომ ბოლო მოვლენების დროს იგი მჭიდრო კავშირში იყო ოპოზიციასთან. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ გეგმავს ახალი პარტიის შექმნას, ხოლო სულ ახლახან ოფიციალურად გამოცხადდა ოპოზიციასა და მის კანდიდატ ასლან ბჟანიასთან ინალ არძინბას კავშირების შესახებ. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც სოხუმის მერმა, კან კვარჩიამ, „სახელისუფლებო პარტიის“ მეორე კანდიდატმა, მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, ოპოზიციის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება არძინბას გვარის მეორე მატარებელი - ახალგაზრდა ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა“, - ამბობს რუსულენოვანი „ეხო კავკაზას“ რედაქტორი, დემის პოლანდოვი.

ადგურ არძინბას კანდიდატად წამოყენება არ გადაწყვეტილა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი სეპარატისტული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას, გავლენიანი გვარის წარმომადგენელია. ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრისა და მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრემიერის შანსები კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მას მხარს დაუჭერს სოხუმის მერი, კან კვარჩია.

მაგრამ ჯერჯერობით წინასაარჩევნო კამპანიაში ფავორიტად სახელდება ასლან ბჟანია, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მზად არის თავის გუნდში ჩართოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანმშრომელი ინალ არძინბა, რომელიც თვითაღიარებულ აფხაზეთში „მასშტაბური რეფორმების“ განხორციელებაზე იმუშავებს.

გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ინალ არძინბა პირველ ეტაპზე მოსკოვში დარჩება, მაგრამ წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობას დაიკავებს ისტორიულ სამშობლოში.

ეს კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 22 მარტის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ინალ არძინბათი ზურგგამაგრებული ასლან ბჟანია დაამარცხებს თავის ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს, სახელისუფლებო კანდიდატ ადგურ არძინბას.