12 NGO უგულავას დაპატიმრებას ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს. ისინი განაჩენს ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელებად მიიჩნევენ. განცხადების თანახმად, საქმე რამდენიმე თვალსაზრისით არის პრობლემური. მათ მიაჩნიათ, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

„თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე პროკურატურამ გიგი უგულავას ბრალი 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინა. საქმე მნიშვნელოვანი დარღვევით წარიმართა, რამაც წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მის ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორება წარმოადგენდა. გიგი უგულავა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მაშინ როდესაც იგი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში დაუსაბუთებლად და კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით 9 თვეზე მეტი ხანი დაჰყო.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაჩენის გამომტანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან, ორი სწორედ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად არის შერჩეული. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. ცხადია, მისი მონაწილეობა პრობლემურია და გამოტანილი განაჩენის მიმართ უნდობლობას აჩენს“, - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებაში ლაპარაკია ხელისუფლების მხრიდან დასავლელი პარტნიორების განცხადებების იგნორირებაზე.

„ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულვებელყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გიგი უგულავას დაკავებით უარი თქვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე.

„მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ზოგადი კონტექსტისა და მოახლოებული საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებაც. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება, ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილზე არ მიუთითებს. მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზებას და ამცირებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლოს კი განცხადების ხელმომწერები აცხადებენ: „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს - ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტონ ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება, ხელი შეუწყონ პოლიტიკური კრიზისის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტასა და პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად მოსახლეობის და ქვეყნის განვითარების ინტერესები დაისახონ“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ღია საზოგადოების ფონდი

მედიის განვითარების ფონდი

უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.