ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში დააყენეს "საზღვრის" გახსნის საკითხი

ოკუპირებულ ახალგორთან მოსაზღვრე სოფელი ოძისი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი საჭიროდ მიიჩნევს ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნას. ამის შესახებ კლაარმა განაცხადა ცხინვალში, პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელთან, მურატ ჯიოევთან შეხვედრისას.

„იმედი გვაქვს შევძლებთ კონსტრუქციულ დიალოგს და ვილაპარაკებთ გამშვები პუნქტების გახსნაზე. უნდა აღინიშნოს გამშვები პუნქტის ამასწინანდელი გახსნის დადებითი ფაქტორი, მაგრამ სასურველია, რომ ამას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი, რასაც შეხვედრებზე განვიხილავთ, მიმართულია ადამიანების საკეთილდღეოდ. ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია ადამიანების ცხოვრების გაიოლება“, - ტოივო კლაარის ამ განცხადებას „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

მურატ ჯიოევმა „ლენინგორის“ რაიონში(ახალგორი) ჰუმანიტარული კრიზისის არსებობა უარყო და განაცხადა, რომ რეალური მდგომარეობა მთლიანად განსხვავდება იმ სიტუაციისგან, რომელსაც „ქართული პროპაგანდა“ აღწერს. „რესის“ ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯიოევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ზომებზე, რომლებსაც ოსური ხელისუფლება მიმართავს „ლენინგორის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესამსუბუქებლად“. ჯიოევმა ასეთ ზომებად დაასახელა ორ თვეში ერთხელ პენსიონერებისთვის „საზღვრის“ გახსნა და „საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების საკითხების გადაწყვეტა“.

„კოლეგებთან შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა მარტის ბოლოს, შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებებით მივიდეთ“, - განაცხადა ჯიოევმა. სააგენტო „რესს“ მოჰყავს ევროკავშირის წარმომადგენლის, ტოივო კლაარის სიტყვები, რომ განიხილეს კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ჟურნალისტებთან კომენტარი არ სურს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აღება, რადგან ამ რაიონში შექმნილი ვითარება საერთო სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და აუცილებელია გამოსავლის მოძებნა.

ე.წ. საზღვარზე, ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 4 სექტემბრიდან, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში დღეს, 11 თებერვალს ჩავიდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, არაგეგმურ შეხვედრაზე განიხილეს „სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე“ შექმნილი ვითარება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის მომდევნო, 51-ე რაუნდი მარტის ბოლოსაა დაგეგმილი, თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ.