აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება

სენატორი ჯეიმს რიში

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯეიმს რიში გიგი უგულავას დაპატიმრებას სენატის საგარეო კომიტეტის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია, ვინაიდან „საქართველომ არჩია გაზარდოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება“- წერს ჯიმ რიში.

სენატორი რიში იხსენებს, რომ გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვედრისას მან უთხრა „სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა".

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს განცხადება უგულავას საპატიმროში მისვლიდან რამდენიმე საათში გააკეთა; უფრო ადრე ტვიტერის საკუთარ გვერდზე უგულავას დაპატიმრებას კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა. „იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, საკმარისი არ იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის," დაწერა კინზინგერმა.

ჯიმ რიში და ადამ კინზინგერი იმ მაღალი რანგის ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის არიან, ვინც დეკემბერ-იანვარში საქართველოს პრემიერს შეშფოთების წერილები გაუგზავნეს და გასულ კვირას თბილისიდან ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, გიგი უგულავა 10 თებერვალს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თავად გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს სამმა მოსამართლემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის (48 მლნ. ლარი) გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე საქმეზე უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მაშინ მოხდილად ჩაუთვალა. საქმე პროკურატურამ საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ერთერთი მოსამართლე, შალვა თადუმაძე, რომელმაც 10 თებერვლის გადაწყვეტილება მიიღო, საქმის საკასაციო საჩივრის მომზადების დროს საქართველოს გენერალური პროკურორი იყო.