გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის #9 დაწესებულებაში (ე.წ. მატროსოვის ციხეში) გადაიყვანეს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა.

უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ციხესთან განაცხადა, რომ „მიუხედავად სამარცხვინო და დანაშაულებრივი განაჩენისა, გიგი უგულავამ კონსტრუქციულად იმოქმედა. ისე რომ არანაირი ვალდებულება არ ეკისრებოდა, თავად გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში [სადაც დააკავეს]“.

ბასილაიას თქმით, მოსამართლეებს, რომლებმაც განაჩენი ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანეს, შეეშინდათ დაცვის მხარის, გიგი უგულავას პოზიციის მოსმენის.

უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.