რას აჩვენებს გიორგი რურუას საკანში გადაღებული ვიდეო

9 თებერვალს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა გიორგი რურუას საკანში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, თუ როგორ მიაქვთ სამართალდამცავებს პატიმრის პირადი ნივთები.

ვიდეოში ჩანს, როგორ შედის საგამოძიებო უწყების წარმომადგენელთა ჯგუფი საკანში, ერთ-ერთი მათგანი - გაურკვეველი დოკუმენტებით ხელში - რურუას ელაპარაკება. დაახლოებით წუთნახევრიანი საუბრის შემდეგ, ერთ-ერთი სამართალდამცველი რურუას პირადი ნივთების შეგროვებას იწყებს: იღებს ორ წყვილ თეთრეულს, ბალიშისპირს, პირსახოცს, ჩუსტებს, მაისურს, კბილის ჯაგრისს. ამ დროს ბრალდებულს, რომელიც ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, 4 კაცი აკავებს.

ნივთების ამოღებაზე პოლიციის შედგენილ ოქმში წერია, რომ ოქმი საკანში შედგა და მას ხელს აწერს საკანში მყოფი ყველა პირი, გარდა თავად გიორგი რურუასი, რომელმაც უარი განაცხადა ხელმოწერაზე.

ოქმის საკანში შედგენას სადავოს ხდის გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მათ მიერ გამოთხოვილ კადრებში, რომელიც „მთავარმა არხმა“ აჩვენა, ოქმის შედგენა არ ჩანს.

„ეს ვიდეოჩანაწერი ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დიმიტრი საძაგლიშვილი და განაგრძობს: „ასევე, ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ 18 ნოემბერსაც, ანუ გიორგის დაკავების დღეს, პირადი ჩხრეკის ოქმი გაყალბდა“.

2019 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით დააკავეს. რურუა ოპოზიციური „მთავარი არხის“ მეწილეა. ის, ასევე, ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.

მისი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, 3 იანვარს გამომძიებელმა გიორგი რურუას უფლებადამცველებს აცნობა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის საკნიდან მისი პირადი ნივთები უნდა ამოეღოთ.

„შევთანხმდით, რომ 6 იანვარს ერთად შევიდოდით ციხეში“, - ამბობს საძაგლიშვილი და განაგრძობს: „თუმცა ჩვენი საუბრის დასრულებიდან მალევე პოლიციელები ჩუმად წავიდნენ ციხეში და შევიდნენ მის საკანში. იქ გააკავეს გიორგი და ძალით აიღეს მისი პირადი ნივთები“.

გიორგი რურუას ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციამ რურუას დნმ პირველად, ძალით, 18 ნოემბერს, მისი დაკავების დღეს მოიპოვა.

„პოლიციის შენობაში რურუა ორმა პოლიციელმა გააკავა და აიღეს დნმ-ს ნიმუში - ბამბიანი ჩხირი წაუსვეს კისერზე, ოფლი აიღეს. თუმცა ამის შესახებ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს“, - ამბობს საძაგლიშვილი და განაგრძობს: „ძალით აღებული დნმ დაიტანეს ჩადებულ იარაღზე და მერე ეცადნენ, მოეპოვებინათ ოფიციალურად გიორგის დნმ-ს ნიმუში, რათა შეედარებინათ ცეცხლსასროლ იარაღზე არსებულ ნიმუშზე და ეთქვათ, რომ იდენტურიაო“.

მეორედ, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ ამოიღო გიორგი რურუას გარდაცვლილი ძმის, ნიკა რურუას სისხლის ნიმუში - რომელიც საგამოძიებო უწყებაში ინახებოდა - და მასზე დანიშნეს ექსპერტიზა.

„ამით მათ უნდოდათ ეთქვათ, რომ იარაღზე არსებული დნმ-ს ნიმუში ეკუთვნის ნიკა რურუას დედმამიშვილს. ეს უკანონოც არის და ასევე ამორალურია, რადგან გარდაცვლილი ადამიანის სისხლის გამოყენება იმისთვის, რომ „გააპრავო“ ჩადებული იარაღი, ცხადია, რომ ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს სცდება“, - ამბობს საძაგლიშვილი.

რადიო თავისუფლებას გიორგი რურუას ადვოკატმა მიაწოდა ორი ექსპერტიზის დასკვნა, რომელთა თანახმად:

  • გიორგი რურუას ტანსაცმელზე მეტალის კვალი არ დაფიქსირდა;
  • ვაზნებისა თუ შიდა მჭიდის სამაგრის ზედაპირებზე რურუას თითების კვლები არ გამოვლინდა.

გიორგი რურუას დაკავების პროცესში მისი უფლებადამცველები სხვა ხარვეზებზეც მიუთითებენ:

  • რურუამ მოითხოვა ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რისი უფლებაც არ მისცეს;
  • პოლიციელებს არ გადაუღიათ მისი ჩხრეკა;
  • სპეციალურად შეაჩერეს ავტომობილი ისეთ ადგილას - ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე - სადაც არ არის განთავსებული გარე სათვალთვალო კამერები.

გიორგი რურუას ადვოკატის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული დოკუმენტების თანახმად, რურუას ჩხრეკა იწყება 13:02 წუთზე. ერთი წუთით ადრე კი სრულდება პოლიციელის გამოკითხვა.

„ამ გამოკითხვის გარეშე ჩხრეკის დაწყება არ შეეძლოთ პოლიციელებს“, - ამბობს საძაგლიშვილი და განაგრძობს, რომ 1 წუთის განმავლობაში სამართალდამცავებს:

  • უნდა შეედგინათ ოქმი გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ;
  • უნდა შეეთავაზებინათ, თუ რაიმე უკანონო ჰქონდა, წარმოედგინა ნებაყოფლობით;
  • უნდა გაეცნოთ ეს ოქმი თავად რურუასთვის;
  • გადაეღოთ ქსეროასლი და მიეცათ ის გიორგისთვის.

საძაგლიშვილი დარწმუნებულია, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი არის კანონდარღვევით შედგენილი და ის გააყალბეს: შეადგინეს არა ადგილზე, რისი ვალდებულებაც აქვთ, არამედ პოლიციის შენობაში. ამაზე მიუთითებს გიორგი რურუას თანმხლები ორი ადამიანი, მძღოლი და დაცვის წევრი.

ადვოკატის თქმით, რურუას მანქანა გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, რომელიც აცხადებს, რომ სამხრე კამერები გამორთული იყო იმ დროს, როცა გიორგი რურუა შეაჩერეს და გამორთული იყო ავტომობილზე დამონტაჟებული ვიდეოთვალიც.

„გიორგი რურუა დააკავეს პოლიტიკური მოტივით, ვინაიდან ის არის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ის არის ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი მხარდამჭერი. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი დასჯა უკვე განხორციელებული ქმედებებისთვის, და მეორე, სიგნალი გაუგზავნა სხვა ადამიანებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ასეთი სამოქალაქო აქტივიზმი ისჯება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადიო თავისუფლების მიმართვის მიუხედავად, კომენტარს არ აკეთებენ.