ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის დღევანდელი სასამართლო პროცესი. მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, პროცესი ავთანდილ წერეთლის გარეშე ვერ გაგრძელდება. სხდომა 25 თებერვლამდე გადაიდო.

სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ, ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა დააყენა და პროცესზე წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი წარადგინა.

ადვოკატის განმარტებით, ავთანდილ წერეთელი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, შესაბამისად, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ვაჟის, ვატო წერეთლის განცხადებით, მამამისს კლინიკიდან, სავარაუდოდ, 11-12 თებერვალს გაწერენ.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი კლინიკა „ჰელსიკორში“ 6 თებერვალს უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

გასული წლის 22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას. ავთანდილ წერეთელს 500-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.