ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი პროდუქტიულს უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გასულ ხუთშაბათს, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას.
დღეს, 10 თებერვალს კინზინგერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ამ შეხვედრაზე დაადასტურეს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების საერთო მიზნები. კონგრესმენი კინზინგერი დადებითად აფასებს სპიკერ თალაკვაძის ძალისხმევას, განეხილათ მნიშვნელოვანი საკითხები.
ადამ კინზინგერი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დიალოგი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ პარტიებთან და მისთვის ცხადი გახდა, რომ გადაუჭრელი რჩება უთანხმოება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის.
კონგრესმენი წერს, რომ დემოკრატია იოლი არ არის და თავისუფალ ქვეყანაში პროტესტი ნორმალურია, თუმცა, კვლავ მშვიდობიანი უნდა იყოს.
ადამ კინზინგერი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის სამართლიანი ყველას მიმართ, დამოუკიდებელი და მხედველობაში არ იღებს პოლიტიკურ კუთვნილებას.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს კომპრომისებისკენ დემოკრატიისა და თავისუფლების მისაღწევად. ადამ კინზინგერი, როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადასტურებს მტკიცე ერთგულებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ.