საქართველოს კონტოლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დაბრუნების ბოლო მსურველებმა ე.წ. საზღვარი „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე გუშინ გადაკვეთეს.
ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ახალგორელების ნაწილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა.
„მცირე ნაწილი დარჩა, უდიდესი ნაწილი დაბრუნდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნუგზარ თინიკაშვილი.
ახლგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, ნაწილი სამკურნალოდ დარჩა, ნაწილი წეროვანში, ნათესავებთან ზამთრის გატარებას გეგმავს. ამასთან, ზუსტად უცნობია, როდის გახსნის საოკუპაციო რეჟიმი გამშვებ პუნქტს კიდევ ერთხელ.
30 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყებოდა, რომ ე.წ. უშიშროების საბჭოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე ახლაგორის მცხოვრებლებს, რომლებსაც არ აქვს დე ფაქტო სამხეთ ოსეთის (რუსეთის) მოქალაქის სტატუსი და რომლებიც პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, ორ თვეში ერთხელ გაატარებენ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 24 იანვარს 10 დღის ვადით გახსნა ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი. დრობითი ღონისძიებას 3 თებერვალს ეწურებოდა ვადა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს. ე.წ. საზღვრის დაკეტვით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელებს შეუზღუდა წვდომა სამედიცინო მომსახურების, პენსიის და განათლების მიღებაზე საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.