შოთაძე ოთხეულშია: საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატები შეარჩია

გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი ცნობილია. საპროკურორო საბჭომ კანდიდატებს კენჭი 6 თებერვალს უყარა. შედეგები კი ასეთია:

  • ირაკლი შოთაძე - 10 ხმა
  • სოფიო შენგელია - 9 ხმა
  • ვალერიან ვაჭარაძე - 8 ხმა
  • დარიკო თორდია - 7 ხმა

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საპროკურორო საბჭოს 12-მა წევრმა. გაუხარჯავი დარჩა 1 ბიულეტენი. წევრების უმრავლესობამ სხვა კანდიდატებთან ერთად, შემოხაზა ირაკლი შოთაძის კანდიდატურაც. მათ არჩევანი საბჭოს წინაშე წარდგენილ 15 კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ.

ბიოგრაფიები მოკლედ

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.

დაიბადა 1983 წელს, თბილისში.

  • 2005 წელს დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი.
  • 2019 წლის მარტიდან დღემდე მუშაობს „სილკნეთის“ იურიდიულ კონსულტანტად.
  • 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე არის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.
  • 2015-2918 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორი.
  • 2013-2015 წლებში მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
  • 2013 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.
  • 2012-2013 წლებში - ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.
  • 2010-2012 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
  • 2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი.
  • 2006-2009 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
  • 2006 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზღვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორი.
  • 2006 წელს იყო გენპროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

სოფიო შენგელია გენპროკურორის კანდიდატად წარადგინა „კავკასიის უნივერსიტეტმა“. დაიბადა 1984 წელს.

  • 2019 წლიდან დღემდე არის აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
  • 2018 წლიდან დღემდე - „კავკასიის უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის დეკანი.
  • 2017-2018 წლებში - სამართლის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.
  • 2015-2018 წლებში იყო ასისტენტი კავკასიის უნივერსიტეტში.
  • 2011-2018 წლებში იყო კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი.
  • 2011-2018 წლებში - ასისტენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში.
  • 2008-2011 წლებში იყო კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური მენეჯერი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ვალერიან ვაჭარაძე (გენპროკურორის პოსტზე წარადგინა კომპანია „ჯი ემ ჯი და პარტნიორებმა“) დაიბადა 1979 წელს, ქალაქ წყალტუბოში.

  • 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობა - სამართალმცოდნე.
  • 2019 წლიდან დღემდე არის „თბილისი ენერჯის“ მონიტორინგის დეპარტამენტის კონტროლის სამსახურის მთავარი ინსპექტორი.
  • 2018 წელს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსი.
  • 2017-2918 წლებში იყო კომპანია „JMG & Partners”-ის ადვოკატი.
  • 2017 წელს - ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი.
  • 2006-2017 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის პრობლემური სესხების მენეჯერი.
  • 2002-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროს ავტონომიურ და სამხარეო ქვედანაყოფებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი.
  • 2002 წელს იყო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

არის დაოჯახებული.

დარიკო თორდია (საბჭოს მისი კანდიდატურა წარუდგინა ადვოკატთა ასოციაციამ) დაიბადა 1972 წელს.

  • 2005 წელს დაამთავრა თსუ-ის ახალციხის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
  • 2019 წლიდან დღემდე მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურში, ადვოკატად, ფოთში.
  • 2002-დან 2019 წლამდე მუშაობდა საადვოკატო ბიურო „ოქროს ხუთეულის“ ადვოკატად.

ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.

7 თებერვალს საპროკურორო საბჭო ცალ-ცალკე უყრის კენჭს შერჩეულ 4 კანდიდატს. "პროკურატურის შესახებ კანონის" თანახმად, არჩეულად ჩაითვლება ის ერთი კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა კანდიდატმა მიიღო თანაბარი რაოდენობის ხმა, გადამწყვეტი იქნება საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმის საჭირო რაოდენობა, მეორე ტური ჩატარდება და კენჭი ეყრება ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს. თუ მეორე ტურშიც ვერც ერთმა ვერ მიიღო საჭირო ორი მესამედი, საპროკურორო საბჭო თავიდან შეუდგება შერჩევის პროცესს.

შერჩევის შემთხვევაში, საპროკურორო საბჭო კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, პარლამენტი კი უმრავლესობით აირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საქართველოს საპროკურორო საბჭომ 27 იანვრიდან დაიწყო ინდივიდუალური გასაუბრება გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილ პირებთან. ეს პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუკის გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემოდა.

საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის იყო ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც, რომელიც თანამდებობიდან გადადგა 2018 წელს, „ხორავას ქუჩის საქმის“ გარშემო აგორებული პროტესტის პერიოდში.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

საპროკურორო საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი საბოლოო კანდიდატის შესარჩევი კენჭისყრა 7 თებერვალს დანიშნა.