ლონდონის პიცერიამ „Pizza Pilgrims" ადგილობრივ ყველის რესტორანთან ერთად მოამზადა აჭარული ხაჭაპური და როგორც პიცა, ისე შესთავაზა მომხმარებელს. 4 თებერვალს, ადგილობრივმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია, რომ ამ კერძის ავტორებისთვის, ინსპირაცია ალპური „La Fonduta“ გახდა.
ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მათ დაუკავშირდათ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი და სოციალური ქსელით, არაერთი ქართველი, რომლებიც უხსნიდნენ, რომ აჭარული ხაჭაპური პიცა არ არის და რომ ის, ქართულია.
ერთ-ერთ კომენტარს ავტორებმა, „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე, ასე უპასუხეს:
„ჰეი! ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს ქართული კერძი იყო. ჩვენ რაღაც მსგავსი ნიუ-იორკში ვნახეთ „ჩიზბოუთი“ ერქვა და ფონდიუ და პიცა მშვენიერი კომპანაციაა.”
[ "ჩიზბოუთი" ქართველების მიერ ბრუკლინში გახსნილი ბისტროა, სადაც აჭარულ ხაჭაპურს სხვადასხვა ვარიაციებით ამზადებენ ]
„მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომ მათ მიაპყრეს ჩვენი ყურადღება აჭარული ხაჭაპურის მიმართ, რომელიც როგორც ჩანს, ამ შესანიშნავი კერძის დაბადების სამშობლოა.“ - წერია ყველის რესტორნის ფეისბუკ გვერდზე.
აჭარული ხაჭაპურის შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ქართული კერძის წარმომავლობას არასწორად ასახელებენ. გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ქოქიაშვილს ვკითხეთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ არ გახდეს სადაო ქართული კერძების ავთენტურობა?
„მაგალითად ხაჭაპურის შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ორწლიანი კვლევის შედეგები. „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ 2019 წლის 21 იანვარს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშიც შევიდა, ეს იყო ერთადერთი ჩასაჭიდი რაც გვქონდა. როდესაც ჩვენ რესტორანის წარმომადგენლებს დოკუმენტის სახით გავუგზავნეთ ეს ინფორმაცია, მათ გადააკეთეს თავიანთი ნაწერი.
არის ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელსაც ჩვენი მეზობელი ოკუპანტი და არაოკუპანტი ქვეყნები თვითნებურად ითვისებენ. საჭიროა კვლევების წარმოება. ამაზე უნდა შეიქმნას თემაზე მომუშავეების ჯგუფი, როგორც ეს ხაჭაპურის შემთხვევაში მოხდა, რომ არგუმენტირებულად შეედავო ამა თუ იმ ქვეყანას, რატომ არის ეს კერძი შენი.
რაც შეეხება ხაჭაპურის კვლევას, მთავარი მიგნება ჩვენთვის იყო ის, რომ გვაქვს ხაჭაპურის 30- ზე მეტი სახეობა. ქართველებმა ვიცით მაქსიმუმ 10, დანარჩენი 25 სახეობა კი საფრთხის წინაშეა, რომ გვერდზე ქვეყნებმა მიითვისონ. შემდეგ ეს გადადის ადამინებს შორის კონფლიქტში, რომლებიც ამ საკითხს ვერასდროს მოაგვარებენ. „ - ამბობს ლევან ქოქიაშვილი
ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების აღიარება, როგორიც "იუნესკოა", უფრო ამარტივებს მატერიალური, თუ არამატერიალუი კულტურული მემკვიდრეობების ავთენტურობის საკითხს.
დღეს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 3 ქართული ძეგლი:
- ქართული პოლიფონია;
- ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;
- ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა;
როგორც ლევან ქოქიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება 2021 წელს გეგმავენ, რომ სწორედ UNESCO- ში წარადგინონ „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“.
საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში კი, სხვა ძეგლებთან ერთად, შესულია:
- ბორანოს მომზადების წესი და ტრადიცია
- სვანური სამზარეულო –კუბდარის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
- სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
- კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია;
- კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია
- სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
- სვანური სამზარეულო – თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
- უძველესი ფშაური საკვები პროდუქტის - ,,დამბალხაჭო”-ს (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა;
- მესხური ყველი “ტენილი“ - ის დამზადების ტექნოლოგია;
- ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში
რას და ვის იცავს საქპატენტი?
ქართული პროდუქტების დაცვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა საქპატენტში მათი დარეგისტრირება, თუმცა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტად არ მოიაზრება კერძები, შესაბამისად არც ხაჭაპური, საცივი და სხვა...
საქპატენტი იცავს და არეგისტრირებს პროდუქტის ადგილწარმოშობის დასახელებებს (მაგალითად: ყვარელი, ხვანჭკარა, ბოლნისი) და გეოგრაფიულ აღნიშვნებს (მაგალითად: იმერული ყველი, მაჭახელას თაფლი, მაწონი, ჩურჩხელა)
საქპატენტს სხვადასხვა ქვეყანაში სახვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა აქვს დაცული, ეს დამოკიდებულია ქვეყნებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე.
მაგალითად მაწონი საქპატენტში რეგისტრირებულია, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა. არაერთი ქვეყნისთვის აღიარებულია, როგორც ქართული პროდუქტი, თუმცა ვიკიპედიაში მოძებნისას მითითებულია, რომ ის სომხური წარმოშობისაა.
" სომხეთთან ჩვენ ვცდილობთ ურთიერთაღიარების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, თუმცა არის რამდენიმე მათგანი რომელზეც სომხეთის მხარეს აქვს პრეტენზია, თუმცა თუ ევროკავშირის ტერიტორიაზე მაგალითად მაწვნის სახელით მოხდება პროდუქციის რეალიზება და მოვა ჩვენამდე ინფორმაცია გვაქვს შესაძლებლობა მივმართოთ ევროკავშირს და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. თუკი ეს სომხეთში მოხდება გაგვიჭირდება ზომების მიღება.
ჩურჩხელასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე შემთხვევა ლატვიაში და ევროკავშირისთვის მიმართვის შემდეგ აღკვეთეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება."- ამბობს რადიო თავისუფლებასთან საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე.
შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კერძებს "ქართველობის წარმთმევებიც" ჰყავს და დამცველებიც. რეალურად კი დასაბუთებული მტკიდებულებების გარეშე არც საქართველოს და არც სხვა ქვეყანის კერძებს საერთაშორისო აღიარება არ მოჰყვება. როგორც საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი ამბობს, მომავალში ხინკალმაც სწორედ ისეთივე გზა და კვლევის პროცესი უნდა გაიაროს როგორც "ხაჭაპურის ტრადიციამ საქართველოში".